Airbnb-ის კონკურენტები - განსახლების ონლაინ ბაზარზე “სახლის გაცვლის” პლატფორმები ძლიერდებიან

განსახლების ონლაინ დაჯავშნის გლობალურ პლატფორმა Airbnb-ს, ეგრეთ წოდებული, სახლის გაცვლის სულ უფრო მეტად პოპულარული პლატფორმების სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

“სახლის გაცვლის” ოთხივე კომპანიამ, რომელსაც გამოცემა დაუკავშირდა, კერძოდ, Kindred-მა, ThirdHome-მა, HomeExchange-მა და Behomm-მა 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ორმაგი ან სამნიშნა ზრდა დააფიქსირა.

მაგალითად, Kindred-ს, რომელიც მხოლოდ 2022 წელს დაარსდა, წვდომა 100 ქალაქში 30,000 სახლზე აქვს. 2023 წელს კომპანიამ სახლების გაცვლის მოცულობა, 2022 წელთან შედარებით, 800%-ით გაზარდა.

ამასთან, HomeExchange-ს, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წელს დაარსდა, 140 ქვეყანაში 170,000-ზე მეტი წევრი ჰყავს. 2023 წელს კომპანიამ საცხოვრისის გაცვლის რაოდენობა 53%-ით გაზარდა.

პლატფორმა, ThirdHome ექსკლუზიურად ძვირადღირებული უძრავი ქონების მფლობელებისთვის არის შექმნილი. პლატფორმაზე ელიტური სახლების ფასი 500,000 დოლარიდან იწყება. კომპანია 100 ქვეყანაში 17,500 სახლს მართავს. გასული წლის განმავლობაში კომპანიამ წევრების რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 41%-ით, ხოლო გაცვლების მოცულობა 16%-ით გაზარდა.

“სახლის გაცვლის” სერვისი მეპატრონეების მიერ თავიანთი სახლების გარკვეული ხნით გამოთავისუფლებას გულისხმობს, რომ მასში ცხოვრება სხვა ადამიანებს, პრაქტიკულად, უფასოდ შესთავაზონ. ამის სანაცვლოდ ისინი გარკვეული დროის განმავლობაში სხვის სახლში ცხოვრების შესაძლებლობას იღებენ.

Bloomberg-ის შეფასებით, ტურისტული ინდუსტრიის ეს ხშირად შეუმჩნეველი სეგმენტი მაღალი ინფლაციის, დისტანციური მუშაობის ნორმალიზაციისა და სასტუმრო ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე ვითარდება. ამ ტრენდს, ასევე, მოკლევადიანი გაქირავებით მზარდი უკმაყოფილება და დიდ ქალაქებში სახლების გაქირავებაზე გაზრდილი რეგულაციები განაპირობებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ