გიორგი ღაღანიძე - ლარში დეპოზიტების ზრდა თავისთავად ნიშნავს, რომ ლარის მიმართ ნდობა გამყარებულია

ლარში დეპოზიტების ზრდა თავისთავად ნიშნავს, რომ ლარის მიმართ ნდობა გამყარებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ მოხდებოდა, - ამის შესახებ თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რომ არა ეროვნული ვალუტისადმი მზარდი ნდობა, საბოლოოდ ციფრებში აღნიშნული შედეგი არ დადგებოდა.

„ეს ობიექტური რეალობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ზრდა არ იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ გამყარდა ზოგადად ნდობა ლარის მიმართ, მეორე მხრივ, ალბათ ხდება გარკვეული თანხების აკუმულირება იმისთვის, რომ შემდგომ მოხდეს სერიოზული ინვესტირება ბიზნესში. თავისთავად პროცესი უარყოფითი კონიუნქტურის მატარებელი არ არის“, - აღნიშნა გიორგი ღაღანიძემ.

სებ-ის წინასწარი მონაცემებით, მაისში ლარის დეპოზიტები 18%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტის დეპოზიტები კი გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 6%-ით.

„აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, იურიდიული პირების ლარის ვადიანი დეპოზიტების ზრდის ტემპი მატულობს, მაშინ როცა უცხოური ვალუტის ვადიანი დეპოზიტების ზრდის ტემპი შემცირდა. ასევე კვლავ მაღალია ლარის დეპოზიტების მოცულობა, დოლარიზაციის მაჩვენებელი კი კვლავ 50%-ზე დაბალია.

დეპოზიტების არსებულ ტენდენციასთან ერთად, ძლიერია დაკრედიტების მაჩვენებელიც. წინასწარი მონაცემებით, მაისში დაკრედიტების მაჩვენებელი 19%-ით გაზრდილია, რაშიც ძირითადი წვლილი ბიზნეს სესხების დაკრედიტებაზე მოდის“, - აცხადებენ სებ-ში.

ამასთან, მზარდია ლარით დაკრედიტებაც - მაისის წინასწარი მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტების მაჩვენებელი 21%-ია.