Bark Air - ახალი ამერიკული ავიაკომპანია სპეციალურად ძაღლებისთვის

აშშ-ში ოქტომბრიდან რეისებს ახალი ავიაკომპანია, Bark Air შეასრულებს, რომელიც სპეციალურად ძაღლებისთვის შეიქმნა. ინფორმაციას Newsweek ავრცელებს.

ავიაგადმზიდავი ძაღლების პროდუქციის მწარმოებელმა კომპანია Bark-მა დააარსა. სატესტო რეისი მაისში შესრულდა, რაც წარმატებით დასრულდა.

ავიაკომპანიები ბორტზე ძაღლების აყვანას ხშირად ჯიშის, ზომისა და რაოდენობის მიხედვით მკაცრად ზღუდავენ, ხოლო ბევრი ავიაკომპანია მგზავრებს თვითმფრინავში ძაღლის აყვანას საერთოდ უკრძალავს. ამასთან, თვითმფრინავში ძაღლების გვერდით ყოფნა ხშირად სხვა მგზავრებსაც არ სურთ.

ავიაკომპანია, Bark Air სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად დაარსდა.

„Bark Air-ის მიმართ ინტერესი და ენთუზიაზმი დღემდე უზარმაზარია. ჩვენ მოხარული ვართ, Bark Air-ის სერვისი ახალ ქალაქებსა და მარშრუტებზე გავაფართოვოთ, დავაკმაყოფილოთ მომხმარებელთა მოთხოვნა და ძაღლებთან ერთად მგზავრობის უნიკალური, უზრუნველი გამოცდილება კიდევ უფრო მეტ ოჯახს შევთავაზოთ,“ - აცხადებს Bark-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მეტ მიკერი.

თავიდან Bark Air-ის მარშრუტების ქსელი აშშ-ში ნიუ-იორკს, ლოს-ანჯელესს, ჩიკაგოს, სან-ფრანცისკოს, მაიამისა და ფენიქსს, ასევე, ევროპის ორ საერთაშორისო მიმართულებას, ლონდონსა და პარიზს დაფარავს.

ამასთან, ავიაკომპანია ირწმუნება, რომ ბორტზე ყველაზე კომფორტულ პირობებს შექმნის, მათ შორის, ერთ თვითმფრინავში დიდი რაოდენობით ძაღლების უსაფრთხო გადაყვანას უზრუნველყოფს. ეს მაშინ, როცა სხვა ავიაკომპანიები, ბორტზე ძაღლების შეშვების შემთხვევაშიც კი, ფრენის დროს ცხოველებს შორის ჩხუბის თავიდან ასაცილებლად მათ რაოდენობას ზღუდავენ.

კერძოდ, Bark Air-ის სპეციალურად გაწვრთნილი სტიუარდები ბორტზე მყოფ ძაღლებს მოუვლიან, ხოლო თვითმფრინავები სპეციალური ფერომონებით (აქროლადი ნივთიერებებით), დამამშვიდებელი მუსიკითა და ყვავილებით იქნება აღჭურვილი.

აეროპორტში სტრესის თავიდან ასაცილებლად ოთხფეხა მგზავრებს ურჩევენ, ფრენამდე ერთი საათით ადრე “გამოცხადდნენ,” ბორტზე კი მათ საჭმელი, სასმელი და სათამაშოები ელოდებათ.

Bark Air-ის რეისებს 14-ადგილიანი პატარა თვითმფრინავი, Gulfstream Aerospace GV შეასრულებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ