2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2. 274 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 15.8 პროცენტით შემცირდა და 1.030 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (217.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (153.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (100.5 მლნ. აშშ დოლარი).
ამასთან, 2024 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 140.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 105.5 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 73.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 პროცენტი).