თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი - ვინ არიან საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8.432 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2 %-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2.274 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 9.2 %-ით), ხოლო იმპორტი 6.158 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 0.7 %-ით).

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-მაისში, 3.884 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1%-ია.

ამავე მონაცემების მიხედვით, ექსპორტში 66.8% დსთ-ის ქვეყნებზე მოდის, 9,1% ევროკავშირზე, ხოლო 24.1% დანარჩენ ქვეყნებზე.

რაც შეეხება იმპორტს, პროდუქციის 26.5% ევროკავშრიდან შემოდის, 21.2% დსთ-ის ქვეყნებიდან, ხოლო 52.3% დანარჩენი ქვეყნებიდან.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (360.2 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (274.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (273.1 მლნ. აშშ დოლარი).

ხოლო, 2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1.078 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (731.0 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (601.4 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება 2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილს საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში, 67.1% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1.254. მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (1.004 მლრდ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (691.6 მლნ. აშშ დოლარი).

ნინი ქეთელაური