გიორგი კვირიკაშვილი კომპანია Schulze Global Investments-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსხვილი საინვესტიციო კომპანიის Schulze Global Investments დამფუძნებელს

და გენერალურ დირექტორს გაბრიელ შულცს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "მეწარმეობის განვითარების სააგენტოს" თავმჯდომარე გიორგი ციკოლია.  როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, Schulze Global გეგმავს, განახორციელოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს ენერგეტიკულ პროექტებში. ამ მიზნით, კომპანია აპირებს დააფუძნოს საინვესტიციო ფონდი საქართველოში, რომლითაც დაფინანსდება მცირე და საშუალო ზომის ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო ფონდს ჰყავს ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორები, როგორიცაა - ავსტრიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საერთაშორისო მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები. მისი განცხადებით, ფონდი იქნება ორიენტირებული რეგიონულ ინვესტიციებზე და მან აირჩია საქართველო, როგორც რეგიონში შემოსვლის წერტილი. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, Schulze Global არის მსოფლიო მასშტაბის ინვესტორი, რომელიც გეგმავს, საქართველოში დაამკვიდროს თანამედროვე ბიზნესპრაქტიკა, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, ჰესების მშენებლობის დროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით იხელმძღვანელოს.

უწყების ინფორმაციით, Schulze Global ორიენტირებულია მსოფლიოს განვითარებად ბაზრებში ინვესტირებაზე. ის განაგებს რამდენიმე მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. ფონდი თანამშრომლობს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან.