„გარკვეული რისკები რუსეთის ბაზარზე არსებობს, მაგრამ სხვა მიმართულება ამ ეტაპზე არც გაგვაჩნია“ - ექსპორტიორთა ასოციაცია

„სხვაგან გასატანი მიმართულება ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია“ - ამის შესახებ ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. ამით ვახტანგ ბეჟიტაშვილი რუსეთის ბაზარზე ხილ-ბოსტნეულის გატანის შესაძლო შეზღუდვას გამოეხმაურა.

ცნობისათვის, რუსეთში ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, პრაქტიკულად, შეჩერებულია, რაც მოსკოვის ბირჟის, ასევე, მისი წევრების, ეროვნული კლირინგ-ცენტრისა და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია. როგორც east-fruit-ი წერს, რუსეთში ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობა დროებით პარალიზებულია, ხოლო ფასები გაზრდილია.

შეეხება თუ არა ეს ქართულ პროდუქციას, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, მოლოდინი ნამდვილად არსებობს.

„მოლოდინი შემცირებისკენ ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის, რადგან ჩვენ სხვაგან გასატანი მიმართულება ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია, რადგან ვერ მოხერხდა ბაზრების დივერსიფიკაცია და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული რისკები რუსეთის მიმართულებით უკვე არსებობს, იძულებულები იქნებიან ქართველი ექსპორტიორები, რომ პროდუქცია მაინც რუსეთში გაიტანონ“, - განაცხადა ბეჟიტაშვილმა.

მისი თქმით, წელს საკამოდ ბევრ და კარგი ხარისხის მოსავალს ელოდებიან, თუმცა დიდი რისკების მიუხედავად, პროდუქტის გატანა მაინც რუსეთში მოუწევთ.

„ამჟამად საკმაოდ ინტენიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოცვის ექსპორტი. ფასი შემცირებულია საერთაშორისო ბაზაზრეც და შესაბამისად, ჩვენგანაც შარშანდელთან შედარებით 30-40%-ით იაფი ღირს. მოცვს მოჰყვება ვაშლატამა, ატამი, ქლიავი, ბალი და ა.შ. ამ ეტაპზე გვაქვს იმის იმედი, რომ პროდუქციის საესპორტო ოდენობა მოცულობითი იქნება და საკმაოდ კარგი ხარისხისაც“, - განაცხადა ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა.

ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმით, პროგრესი შეინიშნება სამაცივრე შემნახველი მეურნეობების მოწყობისა და ლოჯისტიკის მხრივაც.

„წინა წელს თუ შევადარებთ, გვაქვს დიდი პროგრესი სამაცივრე შემნახველი მეურნეობების მოწყობის, ლოჯისტიკისა და საბაჟოზე გაუთავებელი რიგებისა, სადაც დაწესებულია პრიორიტეტის განრიგი მალფუჭებადი პროდუქტებისთვის, ეს საკმაოდ ეხმარება ჩვენს პროდუქციას, რომ დანიშნულების ადგილამდე დროულად მივიდეს. ამჟამად ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ხდება და იმედია ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა მომავალში“ - განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მცენარეული წარმოშობის პროდუქტების ადგილობრივმა ექსპორტმა 76.509 მლნ დოლარი შეადგინა, აქედან 18%, ანუ 13.753 მლნ დოლარის ღირებულების რუსეთში გავიდა. რაც შეეხება 2023 წელს, შარშან საქართველოდან 228.659 მლნ დოლარის ღირებულების მცენარეული წარმოშობის პროდუქტი გავიდა, აქედან 100.837 მლნ დოლარის რუსეთში, ანუ ექსპორტის 44%.

იხილეთ ასევე: მოსკოვის ბირჟის დასანქცირებამ რუსეთში ხილ-ბოსტნეულის იმპორტი შეაჩერა - EastFruit

ეკა დარჩიაშვილი