„რიკოთის“ ქარის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება. სამუშაოებს შპს „ტაბა“ შეასრულებს. შესაბამისი ხელშეკრულება კომპანიას, მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის უნდა დაიდოს.
„ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განუცხადეს, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ „ტაბა“ შეიმუშავებს ელექტროსადგურის დეტალურ დიზაინს, რომელსაც შესაბამის უწყებაში მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად წარადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტით განსაზღვრული ინვესტიციის მოცულობა 37.85 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება ვადებს, „ტაბამ“ ნებართვის მოპოვებიდან 10 თვის ვადაში უნდა დაიწყოს მშენებლობა, ხოლო მშენებლობის დაწყებიდან 18 თვის ვადაში ელექტროსადგური ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სახელმწიფო ელექტროსისტემაში უთხრეს, „რიკოთის“ ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 24 მეგავატი იქნება, ხოლო მისი წლიური გამომუშავება 100 მლნ.კვტ.სთ.
შეგახსენებთ, საქართველოში პირველი „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ 2016 წელს აშენდა. ე.წ გორის ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 21.7 მგვტ. ამასთანავე, საშუალო წლიური გამომუშავება 84.2 მლნ კილოვატია.
იხილეთ ასევე: „რიკოთის“ ქარის ელექტროსადგურს შპს „ტაბა“ ააშენებს - ვის ეკუთვნის კომპანია