ლაშა ქავთარაძე - არსებული გარემოებების გათვალისწინებით გონივრული იყო, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე დარჩენილიყო

მოსალოდნელი იყო, რომ სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად დატოვებდა, - ამბობს Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აიხსნება იმით, რომ ინფლაციური რისკები არის გაზრდილი.

„თუ შევხედავთ ინფლაციის სტრუქტურას, იმპორტირებული ინფლაცია გაზრდილი იყო მაისში აპრილთან შედარებით. რაც შეეხება ადგილობრივი პროდუქციის და მომსახურების ფასების ცვლილებას, თითქმის უცვლელი იყო. ამასთან ჩვენ გვაქვს ხელფასების სტატისტიკა და პირველ კვარტალში ხელფასების ზრდის ტემპი კვლავ ორნიშნაა. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას მაკროეკონომიკური ფაქტორების სტაბილურობას და მდგრადობას. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით გონივრული იყო, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე, უცვლელად დარჩენილიყო. ვფიქრობთ, რომ წლის განმავლობაში გაზრდილი ინფლაციური რისკებიდან გამომდინარე 8%-ზე იქნება შენარჩუნებული“, - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

Galt & Taggart-ის ეკონომისტის თქმით, სებ-ი წლის მეორე ნახევარში ელოდება, რომ ინფლაცია 3%-თან ახლოს იქნება.

„მანამდე სებ-ის პროგნოზებში ჩანდა, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევარში 2%-ის ქვემოთ იქნებოდა. სებ-იც ხედავს გაზრდილ ინფლაციურ რისკებს და ამიტომ ინფლაციის პროგნოზი გაზრდილია, თუმცა საშუალო წლიური ინფლაცია ჩვენი პროგნოზით 3%-ი იქნება. შემდგომ თუ როგორ განვითარდება მოვლენები შემდგომი წლისთვის და რა ფაქტორები გამოვლინდება, რომელიც ინფლაციას ან ზემოთ ექაჩებოდეს ან ზემოთ, ამის მიხედვით იქნება უკვე გატარებული მონეტარული პოლიტიკა“, - ამბობს ქავთარაძე.

ცნობისათვის, დღეს სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა.