„რუსეთი პრიორიტეტი არ არის და ხვალიდან რომ დაიკეტოს, ჩვენს კომპანიას არანაირი პრობლემა არ შეექმნება“ - მოცვის მწარმოებელი

„რუსეთი ჩვენთვის პრიორიტეტი არ არის და ხვალიდან რომ დაიკეტოს, ჩვენს კომპანიას არანაირი პრობლემა არ შეექმნება“,- ასე ეხმაურება მოცვის მწარმოებელი კომპანია „აგროლეინის“ ხელმძღვანელი გიორგი ღვინიაშვილი რუსეთში ხილ-ბოსტნეულის იმპორტის პარალიზებას.

როგორც მედია წერს, რუსეთში აღნიშნული პროდუქტების იმპორტი, პრაქტიკულად, შეჩერებულია, რაც მოსკოვის ბირჟის, ასევე, მისი წევრების, ეროვნული კლირინგ-ცენტრისა და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია.

გიორგი ღვინიაშვილ bpn-თან ამბობს, რომ „აგროლეინს“ საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებული აქვს, სადაც რუსეთის წილი მხოლოდ 20%-ია, შესაბამისად, იქ არსებული შეზღუდვები, კომპანიას ვერ დააზარალებს.

„ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. არცერთ მყიდველს (2 კომპანიასთან ვთანამშრომლობთ), რა უთქვამს, რომ გავაჩეროთ ტვირთები, ან რამე მსგავსი. რუსეთში ახლახან გავგზავნეთ მოცვის ნაწილი, თუმცა ის ჩვენთვის არ არის ძირითადი ექსპორტიორი. პროდუქციის მხოლოდ 20% გადის და თუ იქ რამე შეზღუდვაა, ეს ჩვენთვის პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს.

ჩვენი კომპანიისთვის ძირითადი ექსპორტიორია გალფის და ევროკავშირის ქვეყნები. 3 კვირაა მოსავლის აღების და ექსპორტზე გაშვების პროცესი მიმდინარეობს, კიდევ არის ტვირთები გასაგზავნი, თუმცა რუსეთი ჩვენთვის პრიორიტეტი არ არის და ხვალიდან რომ დაიკეტოს, ჩვენს კომპანიას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. სამწუხაროდ, მთლიანად საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ასე, მაგრამ ჩვენ სხვა ქვეყნებშიც გავდივართ, მივიღეთ სერტიფიკატები და ბაზარი დივერსიფიცირებული გვაქვს “,- ამბობს გიორგი ღვინიაშვილი.

ნინი ქეთელაური