„მსოფლიოში მიწოდება იზრდება, ჩვენთვის ხელმისაწვდომ ბაზრებზე კი, ასე სწრაფად არ იზრდება მოხმარება“,- ამის შესახებ მოცვის მწარმოებელი კომპანია „აგროლეინის“ ხელმძღვანელმა გიორგი ღვინიაშვილმა bpn-საუბრისა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოცვზე ფასი სეზონების მიხედვით განსხვავებულია, წელსაც თავის საფასო პოლიტიკაში დარჩება. კერძოდ, გიორგი ღვინიაშვილის თქმით, სუპერმარკეტებში 1 კგ პროდუქტის ღირებულება 10 ლარიდან იწყება, პერიოდების მიხედვით კი 40 ლარამდე ადის.
„წელს ადგილობრივ ბაზარზე მოსავლის 30%-ს ვყიდით, დანარჩენი 70% ექსპორტზე გადის. მართალია, ჯერ სეზონი არ დასრულებულა, მაგრამ წლიურ მოსავალს ვვარაუდობთ 300 ტონას.
მოთხოვნა სულ არის. ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ სუპერმარკეტებთან ვთანამშრომლობთ, ე.წ ბაზრებში ჩვენი მოცვი არ იყიდება. სუპერმარკეტებს შეფუთულს ვაწვდით, მათაც ასე აწყობთ და ჩვენც. ამიტომ, ჩვენთვის უფრო საინტერესოა ფასითაც.
რაც შეეხება ღირებულებას, მუდმივად იცვლება დროის (სეზონების) მიხედვით, მინიმალური გასაყიდი ფასი 10 ლარი (1 კგ) იყო და რაღაც პერიოდში, 30-40 ლარი ღირდა. წელსაც იგივე ფასით ვართ. არსად არ არის გაზრდილი და მოსალოდნელი არ არის გაძვირება. მსოფლიოში მიწოდება იზრდება, ჩვენთვის ხელმისაწვდომ ბაზრებზე კი, ასე სწრაფად არ იზრდება მოხმარება“,- განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.