მაღალი რისკის შემცველობიდან გამომდინარე, 21 შემთხვევაში პროკურატურას მივმართეთ - მთავარი აუდიტორი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა.

როგორც მომხსენებელმა, საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა განაცხადა, 2023 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 51 აუდიტი ჩაატარა, მათ შორის, 15 ფინანსური, 24 შესაბამისობის, 2 უწყებათაშორისი ჰორიზონტალური შესაბამისობის და 10 ეფექტიანობის აუდიტი.

„ჩატარებული აუდიტებით დავფარეთ 20 მილიარდ ლარზე მეტი, რაც ნაერთი ბიუჯეტის 89 პროცენტს შეადგენს. საერთო ჯამში, 2023 წელს, მაღალი რისკის შემცველობიდან გამომდინარე, 21 შემთხვევაში საქართველოს პროკურატურას მივმართეთ,“ - აღნიშნა ცოტნე ყავლაშვილმა.

მისი თქმით, 2023 წელს ჩატარებული 15 ფინანსური აუდიტიდან უპირობო მოსაზრება გაიცა მხოლოდ ერთ შემთხვევაში, პირობითი - 10 შემთხვევაში და უარყოფითი - 4 შემთხვევაში.

როგორც საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა განაცხადა, ბოლო წლების მონაცემებით, ეს ყველაზე პოზიტიური მაჩვენებელია და აღნიშნული დადებით დინამიკა წლების განმავლობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შედეგია.

ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, გასულ წელს 26 შესაბამისობის აუდიტი, საიდანაც 2 უწყებათაშორისი ჰორიზონტალური შესაბამისობის აუდიტი იყო, ჩატარდა 14 მუნიციპალიტეტში და 3 სახელმწიფო საწარმოში.

მისი თქმით, აუდიტების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებები, შესაძლებელია დაჯგუფდეს ოთხი ძირითადი სისტემური მიმართულებით: 1. შესყიდვების მართვა და მასთან დაკავშირებული საკითხები; 2. სახელმწიფო აქტივების მართვა; 3. ორგანიზაციული და პერსონალის მართვა და 4. საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები.

მომხსენებლის განცხადებით, ეფექტიანობის აუდიტის ფარგლებში, რაც სამსახურის სტრატეგიული მიმართულებაა, შესწავლილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის: სამხედრო განათლების სისტემის ეფექტიანობის აუდიტი, ზოგადი განათლების მართვის მოდელის ეფექტიანობის აუდიტი, სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტი და სხვა.

მისი თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სამსახურმა 3 500-ზე მეტი რეკომენდაცია გასცა, საიდანაც 24 პროცენტი 2023 წელს გაიცა. აქედან, რეკომენდაციების 74 პროცენტი სრულად ან ნაწილობრივ არის შესრულებული, 16 პროცენტს მიმდინარე სტატუსი აქვს, ხოლო 10 პროცენტი შეუსრულებელია.

თაია არდოტელი