3 მიზეზი, რის გამოც მაისში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა

2024 წლის მაისში თბილისში 3 197 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.9%-იანი და თვიურად 0.7%-იანი კლებაა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის ავტორთა შეფასებით, ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე.

„ეს კლება გამოწვეული იყო მაისში დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოთი.

ამასთან ერთად ლარის კურსის მერყეობამ ბინის პოტენციურ მყიდველებს სავარაუდოდ ყიდვის გადაწყვეტილებების გადავადებისკენ უბიძგა. ჩვენ ველით, რომ სტაბილურობის შენარჩუნების შემთხვევაში ბინების გაყიდვები ივნისიდან თვიურ ჭრილში თანდათანობით აღდგება,“- აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება ფასებს, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2024 წლის მაისში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედი 0.4%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე ფასები 21.8%-ით არის გაზრდილი 2023 წლის დასაწყისიდან.

თაია არდოტელი