გიორგი მარგველაშვილი: შავი ზღვა უნდა იყოს არა დაპირისპირების, არამედ ეკონომიკური პოტენციალის ზღვა

საქართველოს არჩევანი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში არის მხარდასაჭერი არა მარტო იმიტომ, რომ საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანაა, არამედ იმიტომაც, რომ ეს არჩევანი უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"შავი ზღვა განსხვავებულია შარშანდელის მერე, ვიდრე ის იყო მანამდე. შავ ზღვაში არის არა მარტო ნატო-ს წევრი სამი ქვეყანა, არამედ შავი ზღვის ქვეყნებიდან ახლა უკვე კიდევ ორი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირთან განსაკუთრებული სავაჭრო ურთიერთობები აკავშირებს. გამომდინარე იმ ვითარებიდან, რაც 2014 წელს დადგა, შავი ზღვა, ერთი მხრივ, გახდა ახალი პოტენციალის მატარებელი, იმიტომ რომ შავი ზღვის ქვეყნების უმრავლესობა ევროკავშირთან განსაკუთრებული ვაჭრობის რეჟიმში იმყოფებიან და ეს არის დიდი პოტენციალის მომტანი შავი ზღვისთვის. ამავე დროს, შარშანდელიდან დაწყებული შავი ზღვა კიდევ უფრო გახდა დაძაბულობის და რეგიონში არასტაბილური განვითარების საშიშროების მატარებელი. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ჩვენს კოლეგასთან, ბულგარეთის პრეზიდენტთან იმ აუცილებელი და ძალიან შორსმხედველი პოლიტიკის თაობაზე, რომელიც შავ ზღვასთან მიმართებაში უნდა გატარდეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ბულგარეთი ძალიან ნათლად ხედავს საქართველოს მნიშვნელობას და მისი ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობას არამარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპული უსაფრთხოებისთვის. "ქართულ-ბულგარული ურთიერთობა, შეიძლება ითქვას, არის ის ფორმატი ურთიერთობისა, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ გავრცელდეს 28-ვე წევრ ქვეყანაზე და 28-ვე წევრმა ქვეყანამ ასე ნათლად დაინახოს საშიშროებები, რაც არსებობს და ამ საშიშროებების გადალახვის ერთადერთი გზა არის ძალიან პრინციპული ხედვა ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს თავისუფალი არჩევანი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში არის მხარდასაჭერი არა მარტო იმიტომ, რომ საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანაა, არამედ აგრეთვე იმიტომ, რომ ეს არჩევანი უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, შავი ზღვა უნდა იყოს არა დაპირისპირების, არამედ ეკონომიკური პოტენციალის ზღვა.