გერმანიამ კრემლის დეზინფორმაციასთან ბრძოლის განყოფილება შექმნა

გერმანიამ უცხო ქვეყნებიდან, მათ შორის, რუსეთიდან ორგანიზებულ დეზინფორმაციულ კამპანიასთან ბრძოლის განყოფილება შექმნა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ახალი განყოფილება გერმანიის შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების მიერ ერთობლივად შეიქმნა. მასში ჯერ 10 ანალიტიკოსი იმუშავებს, ხოლო სამომავლოდ დასაქმებულთა რაოდენობა გაორმაგდება.

სამუშაო ჯგუფი, პირველ რიგში, სოციალურ მედიაში „დეზინფორმაციული ოპერაციების“ გამოვლენა-გამოაშკარავებაზე იქნება ფოკუსირებული, მათ შორის, იმ ოპერაციების, რომლის უკანაც, ხელისუფლების აზრით, შესაძლოა, კრემლი იდგეს.

მაგალითისთვის ხელისუფლება კამპანია “Doppelgänger”-ს ასახელებს, რომელიც 2022 წელს უკრაინისა და დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ დაიწყო. კერძოდ, სოციალურ ქსელ X-ზე ამ ოპერაციის ფარგლებში რამდენიმე კვირაში ათიათასობით ყალბი ანგარიშიდან მილიონზე მეტი პოსტი გამოქვეყნდა.

ახალი განყოფილების კიდევ ერთი მიზანი დეზინფორმაციული კამპანიების თავიდან აცილება ჯერ კიდევ მათ დაწყებამდე, ანუ „წინასწარ გამოაშკარავებაა.“ ქვეყნის ხელისუფლებას, ასევე, სურს, ისეთი სოციალური ქსელების ანგარიშვალდებულება გაზარდოს, როგორიც X და Facebook-ია. კერძოდ, მათზე სამთავრობო ზემოქმედება გაიზრდება, რომ ყალბი ანგარიშები და დეზინფორმაციის შემცველი პოსტები უფრო სწრაფად წაიშალოს.

ცნობისთვის: აპრილში Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ევროკავშირი Meta-ს მიმართ გამოძიების დაწყებას აპირებს, რადგან კომპანია „რუსეთისა და სხვა ქვეყნების დეზინფორმაციას საკმარისად არ უპირისპირდება.“ ევროკავშირის მარეგულირებლები ეჭვობენ, რომ Meta-ს მოდერაცია „არასაკმარისად ეფექტურია იმ პოლიტიკური რეკლამის ფართოდ გავრცელების შესაჩერებლად, რომელიც საარჩევნო პროცესის დამაზიანებელია.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ