მსოფლიო ბაზარზე საწვავი ძვირდება - მოიმატებს თუ არა ფასები საქართველოში

მსოფლიო ბაზარარზე ნავთობი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იზრდება. ამ პერიოდში Brent-ს ტიპის საწვავი 82 დოლარიდან 85 დოლარამდე გაძვირდა, ამერიკულ ნედლ ნავთობზე (WTI) ფასებმა ბარელზე 77-დან 82 დოლარამდე მოიმატა.

მიუხედავად ფასების ზრდისა, როგორც ნავთობიმპორტიორი კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე აღნიშნავს, მიმდინარე თვის საკმარისი საიმპორტო ნავთობის შეძენისთვის კონტრაქტი უკვე დადებულია, შესაბამისად, ამ პერიოდში საქართველოში ნავთობზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი.

„საერთაშორისო ბაზარზე სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება. ბოლო ერთ თვეში ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე შესამჩნევი იყო ფასის კლება. ამის გარდა, ჩვენ ქართულ კომპანიებს გაუჩნდა რუსეთიდან შემოტანის შესაძლებლობა. რუსეთმა აღადგინეს ბენზინის მოწოდება. ეს იყო ორი დადებითი ტენდენცია, რამაც იმოქმედა ფასებზე და ფასების კლება განხორციელდა ამ პერიოდში. თუმცა ამავე დროს დაემთხვა ლარის კურსის გაუფასურება, რამაც გავლენა იქონია ფასების ჩამოყალიბებაზე. ბოლო ერთი კვირის მანძილზე საერთაშორისო ბაზარზე ფასების მატება შეინიშნება.

მოლოდინი ასეთია: ვინაიდან ივნისის მოცულობები, პრაქტიკულად, დაკონტრაქტებულია და იქ უკვე განსაზღვრულია ფასები, ახლა ეს ფასის მატება საერთაშორისო ბაზარზე მოკლე მომავალში გაძვირების კუთხით არ იქონიებს გავლენას. ასევე ლარის კურსის ცვლილება გამყარებისკენ შეინიშნებოდა გუშინ, საკმაოდ კარგი ტენდენცია დაიწყო და თუ გაგრძელდა, მაშინ ფასების ცვლილება უახლოეს მომავალში ზრდის კუთხით არ უნდა იყოს მოსალოდნელი“, - განაცხადა ზაალ იაკობიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მერი ტაბატაძე