საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ შპს „სითიქომთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დავის სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:
გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია;
მომსახურების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, სულ მცირე 1 თვით ადრე, მისი სერვისის თითოეულ მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო (SMS) შეტყობინების მეშვეობით შეატყობინოს შესატანი ცვლილებების შინაარსის თაობაზე და განუსაზღვროს მას არანაკლებ 30 დღიანი ვადა გადაწყვეტილების მისაღებად.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა - სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესასრულებლად.
ინფორმაციისთვის: 2024 წლის იანვარი - მაისის თვის მონაცემებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 28 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 46 საქმეზე. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 16 მოვაჭრეს 22 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა ჯამში 17 512 ლარი, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 60 საქმეზე - 55 შეთანხმება გაფორმდა.