ბულგარეთის პრეზიდენტი: მე არ მინდა, რომ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი 2016 წელს მიიღოს, მინდა, ეს ხვალ განხორციელდეს

მე არ მინდა, რომ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი 2016 წელს მიიღოს, მე მინდა ეს ხვალ განხორციელდეს, - ამის შესახებ ბულგარეთის პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ბულგარეთი სრულად უჭერს მხარს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა, ვაჭრობა და მუშაობა შეძლონ. "ბულგარეთი მთლიანად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის უფლებას, რომ თავისუფლად იმოგზაურონ, იმუშაონ და ივაჭრონ ევროკავშირის ქვეყნებში და რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ. 2016 წლიდან ევროკავშირი მიზნად ისახავს, თავისუფალი მოგზაურობისა და უვიზო გადაადგილების საშუალება მისცეს ქვეყნებს. მე არ მინდა, რომ ეს 2016 წელს მოხდეს, მე მინდა, რომ ეს ხვალ განხორციელდეს", - განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა.