საქართველო საშუალოთვიური მთლიანი ხელფასის ოდენობით 196 ქვეყანას შორის 93-ე ადგილზეა. ამის შესახებ CEOWORLD Magazine-ის 2024 წლის რეიტინგში წერია.
გამოცემის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური მთლიანი ხელფასი 534 დოლარს შეაგენს. ამ ოდენობით ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ ერთი პოზიციით ჩამორჩება სომხეთს (92-ე), სადაც საშუალოთვიური მთლიანი ხელფასი 541დოლარს შეადგენს. აზერბაიჯანი 494 დოლარით 99-ე ადგილზეა.
რაც შეეხება რეგიონის მეზობლებს, ხელფასის ოდენობით სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა მხოლოდ თურქეთს უსწრებს, რომელიც 124-ე ადგილზეა. თურქეთში მთლიანი საშუალოთვიური ხელფასი მხოლოდ 314 დოლარს შეადგენს.
თურქეთს 430-დოლარიანი ხელფასით ომში მყოფი უკრაინაც კი უსწრებს, რომელიც რეიტინგში 107-ე ადგილზეა.
რუსეთი რეგიონში ლიდერია, სადაც დსთ-ის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ხელფასია. რუსეთში საშუალო თვიური მთლიანი ხელფასი 2,159 დოლარია, რა ოდენობითაც ქვეყანა რეიტინგში 34-ე ადგილზეა, შემდეგი კი ხელფასის 673 დოლარის ოდენობით ყაზახეთია, რომელიც 80-ე ადგილზეა. 83-ე ადგილზე თურქმენეთია, სადაც საშუალო თვიური მთლიანი ხელფასი 654 დოლარია. ბელარუსი 621 დოლარით 86-ე ადგილზეა.
მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელფასი შვეიცარიაში დაფიქსირდა, სადაც მისი ოდენობა 8,111 დოლარს შეადგენს. პირველ სამეულში, ასევე, მოხვდნენ ლუქსემბურგი (6,633 დოლარი) და აშშ (6,455 დოლარი).
დიდ ბრიტანეთში საშუალო თვიური მთლიანი ხელფასი 4,179 დოლარია და ქვეყანა ტოპ 20-ეულში მე-14 ადგილზეა, გერმანია 3,984 დოლარით მე-16, ხოლო საფრანგეთი მე-19 პოზიციაზეა, სადაც საშუალო თვიური მთლიანი ხელფასი 3,655 დოლარს შეადგენს. ტოპ 20-ეულს 3,608-დოლარიანი ხელფასის ოდენობით ისრაელი ხურავს.
ყველაზე დაბალი ხელფასი ლესოტოში (24 დოლარი), ანგოლასა (27 დოლარი) და მალავიში (31 დოლარი) დაფიქსირდა, რომლებიც რეიტინგის ბოლო სამ ადგილს ინაწილებენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ