ვის ეკუთვნის მიკროსაფინანსო, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 34 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სმარტ ფინანსი“ ჯამში 34 ათასი ლარით დააჯარიმა.

როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას 8000-ლარიანი (ჯამში) ფულადი სანქცია დაეკისრა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების წარუდგენლობის 4 ფაქტის გამო.

ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენის 2 ფაქტის გამო. აღნიშნული დარღვევის თითოეულ ფაქტი - 2 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შესაბამისად, ამ ნაწილში, მიკროსაფინანსო ჯამში 4 000 ლარით დაჯარიმდა.

გარდა ამისა, ანგარიშგების, დადგენილი ვადის დაუცველად, 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებით წარდგენის 3 ფაქტის გამო. აღნიშნულისთვის, კომპანიას ჯამში - 300 ლარიან სანქცია დაეკისრა.

სებ-ის განმარტებით, ასევე, 7 კლიენტთან მიმართებით, მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ განუხორციელებია კანონმდებლობის შესაბამისად, წარმომავლობის შესწავლა, რისთვისაც ის დაჯარიმდა - 3,000 ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებით. დარღვევის 7 შემთხვევისთვის, სულ - 21,000 ლარით.

ხოლო, საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 1 შემთხვევის გამო - ჯამში 1 000 ლარის ოდენობით.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ჯამში 34,300 ლარით დაჯარიმდა.

სამეწარმეო რეესტრი მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სმარტ ფინანსი“ 2009 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის 58.55%-ს ფლობს გელა რიაბუხა, 24.45%-ს შოთა გედენიძე, 17%-ს გოჩა სებისკვერაძე. დირექტორია თამარი რიაბუხა.

ნინი ქეთელაური