ჩინური ავიაკომპანია თბილისსა და ურუმჩს შორის სატვირთო გადაზიდვებს იწყებს

­­­20 ივლისიდან ჩინური ავიაკომპანია SF Airlines ახალ საერთაშორისო საჰაერო-სატვირთო მარშრუტზე იფრენს, რომელიც ქალაქ ურუმჩის თბილისთან დააკავშირებს - ამის შესახებ თბილისის აეროპორტის მფლობელი კომპანია TAV Georgia იტყობინება.

ურუმჩი სინძიან-უიღურის ავტონომიური რეგიონისა და დასავლეთ ჩინეთის მთავარ ინდუსტრიულ ჰაბს წარმოადგენს.

ახალ მარშრუტზე ფრენებს B757 სატვირთო თვითმფრინავი ორივე მიმართულებით კვირაში ერთხელ შეასრულებს. 24 აგვისტოდან სიხშირე კვირაში ორამდე გაიზრდება.

ტვირთის გადაზიდვის სავარაუდო მოცულობა დაზუსტებული არ არის. ასევე უცნობია, ახალი მარშრუტი კონკრეტულად რა სახის საქონელს მოემსახურება.

SF Airlines ავიაპარკის ზომის მიხედვით ჩინური საჰაერო გადაზიდვის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა. მისი შტაბ-ბინა ქ. შენჟენში (გუანდონი, სამხრეთი ჩინეთი) მდებარეობს. SF Airlines ექსპლუატაციას 60-მდე სატვირთო თვითმფრინავს უწევს, რომლებიც ჩინეთისა და მის ფარგლებს გარეთ 50-ზე მეტ მიმართულებაზე დაფრინავენ.

მოამზადა დემეტრე ქარდავამ