უკრაინულმა ტუროპერატორმა აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის უფასო ფრენები დაიწყო

უკრაინის ერთ-ერთმა მსხვილმა ტუროპერატორმა, Join UP!-მა აუტიზმის სპექტრის აშლილობის (Autism Spectrum Disorder-ASD) მქონე ბავშვთა ოჯახებისთვის ავიარეისების პროგრამა ჩაუშვა, რომ მათთვის მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. ინფორმაციას unian კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, უკრაინულ ტურისტულ აგენტებთან ავიატურის დაჯავშნის შემთხვევაში უფასო ფრენები გამგზავრების ნებისმიერი ქვეყნიდან იქნება შესაძლებელი.

მანამდე ტუროპერატორმა აუტიზმის მქონე ბავშვების საჭიროებები შეისწავლა, რომ სერვისების ადაპტირება მოეხდინა და მათთვის მგზავრობა უსაფრთხო და კომფორტული გაეხადა. კერძოდ, გასულ წელს 20 ბავშვისთვის ოჯახებიანად სატესტო მოგზაურობა დაიგეგმა, ხოლო ეკიპაჟი დატრენინგდა, რომ უკეთ გაეგოთ ASD-ის მქონე მგზავრების ქცევა, მათი სამგზავრო და დასვენების საჭიროებები და თუ როგორ ეკონტაქტათ მათთან.

მიღებულ გამოცდილებას Join UP!-ი თავის სერვისებში უწყვეტ რეჟიმში პროექტ „მოგზაურობა ბარიერების გარეშეს“ ფარგლებში დანერგავს, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებს მეტ მოგზაურობაში დაეხმაროს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ASD-ის მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც 100-დან 1 ბავშვს შეადგენს, მოგზაურობის დროს სერვისების ადაპტაცია აუცილებელია, რაც გამაღიზიანებლების ზემოქმედების შემცირებას ითვალისწინებს, როგორიც არის ხმამაღალი ხმები, ხალხმრავლობა, ახალი სუნი და რამაც შესაძლოა, სტრესი გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ Join UP!-მა თავის სტრატეგიულ პარტნიორ ავიაკომპანია SkyUp-თან ერთად პროექტი „მოგზაურობა ბარიერების გარეშე“ წამოიწყო.

“გამოცდილება, რომელიც ASD-ის მქონე ბავშვების 20 ოჯახისთვის დასვენების ორგანიზებით მივიღეთ, შეუფასებელია და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ASD-ის მქონე ბავშვებისთვის მოგზაურობა მათი ცხოვრების ნაწილი გახდეს,“ - აცხადებს პროექტ „მოგზაურობა ბარიერების გარეშეს“ ლიდერი, ლუდმილა პლესკაჩი.

მისი თქმით, ხშირი მოგზაურობისთვის აუტიზმის მქონე ბავშვთა ოჯახების წახალისება აუცილებელია, რადგან დღეს მათი მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 13% მოგზაურობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ