ღაზას სექტორის ბანკებიდან პალესტინელებმა 120 მლნ დოლარზე მეტი მოიპარეს

შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, რომლის უკანაც პალესტინის ტერორისტული მოძრაობა, „ჰამასი“ დგას, ბოლო ორი თვის განმავლობაში ღაზას სექტორის ბანკებიდან, დაახლოებით,120 მლნ დოლარის ოდენობის ნაღდი ფული მოიპარეს.

ინფორმაციას Financial Times (FT) გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაეროს შეფასებით, რომელიც გამოცემამ მოიპოვა, „ჰამასის“ მიერ მხარდაჭერილმა ბანდებმა ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ბანკების საცავებიდან ნაღდი ფულის, მინიმუმ, მესამედი გაიტანეს.

თუმცა ბანკებმა ძარცვისგან, დაახლოებით, 240 მლნ დოლარის გადარჩენა იმით შეძლეს, რომ ცალკეული სეიფები ქურდობის თავიდან ასაცილებლად ბეტონის კონსტრუქციებში ჩასვეს.

ბანკების ყველაზე მსხვილი ძარცვა 17 და 18 აპრილს მოხდა. მანამდე ცოტა ხნით ადრე პალესტინის ბანკმა ერთ-ერთი ფილიალის საცავი დააბეტონა. თუმცა, თვითმხილველის თქმით, დაჯგუფებებმა ის 17 აპრილს ააფეთქეს და 31 მლნ დოლარი მოიპარეს, თან, განაცხადეს, რომ თანხა „ღაზას უმაღლესი ხელისუფლების ბრძანებით კონფისკაციას დაექვემდებარა.“

FT იხსენებს, რომ ადრე ისრაელმა ღაზას სექტორში ნაღდი ფულის იმპორტზე შეზღუდვები დააწესა, რამაც მისი დეფიციტი გამოიწვია.

ამჟამად ადგილობრივ მცხოვრებლებს ბანკომატებით სარგებლობა მხოლოდ ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში უწევთ, სადაც ფულის გაცემის მხოლოდ რამდენიმე მუშა აპარატი შემორჩა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ