თბილისში პარკირების 7 მლნ ლარამდე ჯარიმაა გამოწერილი

თბილისში პარკირებაზე 5 თვეში 6.9 მლნ ლარზე მეტის ჯარიმა დაიწერა.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მაისში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 6 945 632 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 6 359 920 ლარი.

რაც შეეხება კონკრეტულად მაისს, როდესაც დედაქალაქის მერიის განმარტებით, პარკირების თანამშრომლები გადამზადებას გადიოდნენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სამსახურებრივ მოვალეობას ვერ ასრულებდნენ, 1 მლნ ლარზე მეტის ჯარიმაა გამოწერილი.

ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-მაისში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 89.598 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის 5 თვეში - 87.262 მლნ ლარი.

ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.

ნინი ქეთელაური