"ჯვარი-ხორგას" მშენებლობა იწყება

50 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის "ჯვარი-ხორგას" მშენებლობა იწყება. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე, კომპანია "ენერგოტრანსის", გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის და ევროგაერთიანების წარმომადგენლები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში, პროექტის "ჯვარი-ხორგას" ფარგლებში ქვესადგურის "ჯვარი- 500/200 კვ" მშენებლობის დაწყებისა და "რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის" ფარგლებში ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობის კონტრაქტის გაფორმებისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრნენ.

500 კვ ქვესადგურის "ჯვარი" მშენებლობას პორტუგალიური ფირმა "ეფასეკი" (EFACEC) ახორციელებს. ამავე პროექტის ფარგლებში, 200 და 500 კვ ორჯაჭვა ხაზების მშენებლობის კონტრაქტორია ინდური ფირმა Jyoti construction. ეს არის პირველი 500კვ-იანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზი მთელ რეგიონში. აღნიშნულ კომპანიებთან კონტრაქტებს ხელი 2014 წლის 29 აპრილს მოეწერა.

პროექტის მიზანია 220 კილოვოლტიანი ქსელის იმედიანობის გაზრდა და დასავლეთ საქართველოს ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია; ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ელექტრომომარაგების საიმედოობის ამაღლება და გაზაფხულის წყალმეტობის პერიოდში საექსპორტო ელექტროენერგიის სიმძლავრეების უზრუნველყოფა; ელექტროგადამცემი ხაზით "კავკასიონი" გადასაცემ და მისაღებ სიმძლავრეებზე სრული კონტროლის უზრუნველყოფა და მაღალი ძაბვის ქსელის საიმედოობის და სტაბილურობის გაზრდა. პროექტის განხორციელებით შეიქმნება მოქნილი და მომგებიანი ენერგოგაცვლის ქსელი დასავლეთ საქართველოში, საგრძნობლად გაუმჯობესდება საერთაშორისო და ადგილობრივი მომსახურების ხარისხი და საიმედობა. და, რაც მთავარია, ინვესტორებისთვის მომხიბვლელი გახდება ენგურის ხეობაში ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურების ინვესტირების საკითხი.

პროქტის "ჯვარი-ხორგა" საერთო ღირებულება დაახლოებით 50 მლნ ევროა პროექტის აფინანსებენ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (KFW) ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდი (NIF). "ჯვარი-ხორგას" პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყო, ხოლო მისი დასრულება 2016 წლის აგვისტოშია გათვალისწინებული.  დღესვე, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" და მის შვილობილ კომპანია "ენერგოტრანსს" და ფინურ-ინდურ კონსორციუმ ELTEL-EMC-ს შორის ხელი მოეწერა ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამის მე-2 კომპონენტს: ყაზბეგის ურთიერთდამაკავშირებელ პროექტს - "500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ქსანის ქვესადგურიდან სტეფანწმინდამდე". აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთავარი, 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებას. პროექტის სავარაუდო ღირებულება 25 მლნ ევროა და მას გერმანიის განვითარების ბანკი აფინანსებს. ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე დაახლოებით 100 კმ. იქნება. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2017 წლის მაისისათვის.