ყირგიზეთი, უზბეკეთი და ჩინეთი რუსეთის გვერდის ავლით ევროპისკენ რკინიგზას აშენებენ

ყირგიზეთი და უზბეკეთი ჩინეთთან რუსეთის გვერდის ავლით ევროპისკენ რკინიგზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ.

პროექტს, რომლესაც პეკინი, ბიშკეკი და ტაშკენტი 27 წელია, განიხილავენ, მხარეებმა 6 ივნისს, პეკინში მოაწერეს ხელი, ხოლო მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება. 450-500 კმ სიგრძის რკინიგზა ჩინეთის გლობალური ინციატივის, “ერთი სარტყელი, ერთი გზის” ნაწილი გახდება.

ექსპერტების შეფასებით, ტვირთის გადაზიდვის წლიური მოცულობა 15 მლნ ტონას მიაღწევს, ხოლო საბოლოო მომხმარებლისთვის საქონლის მიწოდების დრო 7 დღით შემცირდება.

“შეიქმნება თანამედროვე სატრანზიტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, საწყობები და ტერმინალები,“ - აცხადებს უზბეკეთის პრეზიდენტი, შავქათ მირზიოევი.

რკინიგზა ჩინეთის სინძიან-უიღურულ ავტონომიურ რეგიონში მდებარე ქალაქ ქაშგარიდან დაიწყება, ყირგიზეთის ტორუგარტის, მაქმალის, ჯალალ-აბადს გაივლის და უზბეკეთის ანდიჟანში შევა. შემდეგ მაგისტრალი ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების გზებს დაუკავშირდება, საიდანაც ტვირთი კასპიის ზღვაში, თურქეთსა და ევროპაში გადაიზიდება.

ყირგიზეთის პარლამენტმა, რომლის ტერიტორიაზეც მარშრუტის ძირითადი ნაწილი გაივლის, ჩინეთთან და უზბეკეთთან გზის მშენებლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება 19 ივნისს მოახდინა. რკინიგზის ყირგიზეთის მონაკვეთის გასაყვანად სამ ქვეყანას შორის ერთობლივი საპროექტო კომპანია (ესკ) შეიქმნება, რომლის 51%-იანი წილის მფლობელი ჩინეთი იქნება, ხოლო 24,5%-იან წილს სათითაოდ ყირგიზეთი და უზბეკეთი დაეუფლებიან.

china2-1718955998.jpg

ამასთან, ყირგიზეთი ცალკე საინვესტიციო ხელშეკრულებას გააფორმებს ესკ-თან, რომელიც რკინიგზას ააშენებს და ექსპლუატაციას მანამ გაუწევს, ვიდრე ინვესტიციას არ ამოიღებს. ოფიციალურად არ არის დადგენილი, თუ რამდენ ხანს გამოიყენებს სეკ-ი ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზას. მშენებლობაში უშუალოდ China Railway International ჩაერთვება. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 8 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

ყირგიზეთის პრეზიდენტი, სადირ ჯაფაროვი რკინიგზიდან ქვეყნის პოტენციურ შემოსავალს წელიწადში 200 მლნ დოლარად აფასებს.

ვაშინგტონის ანალიტიკურ ცენტრ Jamestown Foundation-ის ცნობით, მანამდე ჩინეთიდან ევროპაში სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვა ყაზახეთის, რუსეთისა და ბელარუსის გავლით ხდებოდა. თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ზოგიერთმა კომპანიამ სატრანზიტოდ რუსეთის ტერიტორიის გამოყენება შეწყვიტა. Jamestown Foundation-ის ცენტრალური აზიის ექსპერტი, დევიდ კანკარინი ამბობს, რომ „ჩინეთისთვის დასავლეთსა და აღმოსავლეთზე გასასვლელად, რუსეთის გარდა, სხვა გზაც მეტად მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთის გავლით მარშრუტი უსაფრთხო აღარ არის. ეს გზა ევროპისკენ შესაძლოა, მოულოდნელად დაიხუროს, რაც მომხდარა კიდეც, ამიტომ ჩინეთი ახალი გზებს ავითარებს.”

ლონდონის ანალიტიკურ ცენტრ Central Asia Due Diligence-ის დირექტორ ალიშერ ილხამოვის შეფასებით, რუსეთი ამ პროექტით „აღფრთოვანებული არ არის,” თუმცა არ შეუძლია, მას ღიად დაუპირისპირდეს, „წინააღმდეგ შემთხვევაში ის კონფლიქტს გააღვივებს ჩინეთთან, რომელიც დღეს მისი მოკავშირე და დამცველია.”

მოამზადა ლადო სულაბერიძემ