სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ამ ეტაპზე დაახლოებით 15 მილიონ 200 ათასი ლარია მობილიზებული

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გახსნილ ანგარიშებზე შემოსულობებისა და დახმარებების სახით ამ ეტაპისთვის დაახლოებით 15 მილიონ 200 ათასი ლარია მობილიზებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყველა იმ ადამიანს, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. "ევროკომისიამ საქართველოში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით გრანტის სახით გამოყო ამ ეტაპზე 3 მილიონი ევრო. რაც შეეხება შემოსულობებს და დახმარებებს, ამ ეტაპისთვის მობილიზებულია დაახლოებით 15 მილიონ 200 ათასი ლარი. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც განუზომელი წვლილი შეაქვს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში, კერძოდ, ჩვენს მოხალისეებს, გვარდიას, მაშველებს, სპორტსმენებს, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებს და აბსოლუტურად ყველას, ვინც ჩართულია ამ სამუშაოებში", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომიდან საზოგადოებას კიდევ ერთი ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ, მისი თქმით, თბილისის მეტროპოლიტენმა ბოლო დღეებში მგზავრთა ნაკადის გაზრდის გამო 8 ვაგონის დამატების გადაწყვეტილება მიიღო.