აშშ "კასპერსკის“ პროდუქციის გამოყენებას კრძალავს

აშშ თავის ტერიტორიაზე რუსული ,,კასპერსკის ლაბორატორიის“ პროდუქციის გამოყენებას ,,ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის’’ მიზნით კრძალავს.

20 ივლისიდან ,,კასპერსკის ლაბორატორიას“ ამერიკელებთან ახალი კონტრაქტების დადება, ხოლო 29 სექტემბრიდან - ამჟამინდელი მომხმარებლებისთვის განახლებების შემოთავაზება და აშშ-ის ტერიტორიაზე საფრთხეების შესახებ შეტყობინებების გაზიარების სისტემის (KSN) ექსპლუატაცია ეზღუდება. აშშ-ის მთავრობაში შიშობენ, რომ ,,კასპერსკის ლაბორატორიას“ ადგილობრივ კომპიუტერებზე წვდომით სენსიტიური ინფორმაციის მოპარვასა და მავნე პროგრამების დაყენებაზე ხელ-ფეხი ეხსნება.

Reuters-ის მიხედვით, ,,კასპერსკის’’ პროდუქციის გამყიდველები და გადამყიდველები დაჯარიმდებიან და შესაძლოა, მათზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. მომხმარებელთა დასჯაზე საუბარი არ არის, თუმცა აშშ მათ ამ პროდუქტებით სარგებლობისგან თავის შეკავებისკენ ,,დაჟინებით მოუწოდებს’’.

თავად ,,კასპერსკიმ’’ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება „ამჟამინდელი გეოპოლიტიკურ გარემოთი და თეორიული შფოთვებითაა’’ განპირობებული. ,,ლაბორატორიამ“ დასძინა, რომ მისი საქმიანობა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და, ამრიგად, იგი ქვეყანაში მუშაობის გასაგრძელებლად ,,ყველა ლეგალურ გზას’’ მიმართავს.

კომპანიის პოზიცია რუსეთის მთავრობასთან კავშირების შესახებ აქამდე უცვლელი იყო - იგი ამ ბრალდებას უარყოფს და თავს კერძო ფირმად აცხადებს.

Kaspersky Lab ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე კომპანიას წარმოადგენს. მისი დამფუძნებელი ევგენი კასპერსკი სუკ-ის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულია.

2017 წელს ამერიკულ მედიაში ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ რუსმა ჰაკერებმა Kaspersky Lab-ის ანტივირუსის მეშვეობით აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საიდუმლო ფაილები მოიპოვეს. ფირმამ მაშინდელი ბრალდებები უარყო.

ამავდროულად, აშშ-ის ხელისუფლებამ სამთავრობო უწყებების მიერ ,,ლაბორატორიის’’ პროდუქტების გამოყენება რუსულ FSB-სთან კომპანიის თანამშრომლობის მოტივით სრულად აკრძალა.

მოამზადა დემეტრე ქარდავამ