თურქული პომიდვრის ექსპორტის 13% საქართველოზე მოდის - რა ფასად ვყიდულობთ

2024 წლის მაისში თურქეთმა ახალი ხილბოსტნეულის ექსპორტი 14%-ით გაზარდა. ხილბოსტნეულის ექსპორტიორთა ხმელთაშუა ზღვის ასოციაციის პრეზიდენტ ფერჰატ გურუზის თქმით, ძირითად საექსპორტო ბაზრებს წარმოადგენდა რუსეთი, ერაყი და გერმანია, ამასთან, ზრდა დაფისქირდა საქართველოს, ლიბიისა და ჩეხეთის ბაზრებზეც.

პროდუქტებს შორის ატამი ლიდერობდა, რომლის საექსპორტო მოცულობამაც 81,2 მლნ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე 34,6 მლნ დოლარის ღირებულებით ბლისა და ალუბლის, შემდეგი კი 28,6 მლნ დოლარით პომიდვრის ექსპორტია.

აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში, არამედ სხვა თვეებშიც საქართველოში იმპორტირებული პომიდვრის უდიდესი წილი სწორედ თურქეთზე მოდის. საქსტატის მონაცემებით, წელს 3.775 მლნ დოლარის ღირებულების პომიდორი შემოვიდა, რაც თურქეთის მთლიანი ექსპორტის (28,6 მლნ დოლარი) 13%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ზოგადად პომიდვრის იმპორტს, 2024 წლის მაისში წინა წელთან შედარებით 69%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მაისში საქართველომ თურქეთში 2.223 მლნ დოლარის ღირებულების 5 550 ტონა პომიდორი იყიდა, მიმდინარე წლის მაისში კი 3.755 მლნ დოლარის ღირებულების 5 254 ტონა.

გასულ წელს ერთი კილოგრამი თურქული პომიდვრის იმპორტი (გადასახადების გარეშე) საშუალოდ 40 ცენტი დაჯდა, 2024 წლის მაისში კი 71 ცენტი.

აღსანიშნავია, რომ როგორც წელს, ასევე 2023 წლის მაისში საქართველოში პომიდვრის იმპორტი მხოლოდ თურქეთიდან განხორციელდა.

იხილეთ ასევე: თურქეთმა მხოლოდ მაისში ახალი ხილბოსტნეულის ექსპორტი 14%-ით გაზარდა