მაღალგანვითარებულ ქვეყნებში შობადობა განახევრდა და რეკორდულად დაბალ დონეზე დაეცა

მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში შობადობის მაჩვენებელი 1960 წლიდან ნახევარზე მეტად დაეცა და ამჟამად რეკორდულად დაბალ დონეზეა. ამის შესახებ Financial Times-ის (FT) კვლევაში წერია.

კერძოდ, 38 უმსხვილეს ინდუსტრიულ ქვეყანაში ერთ ქალზე ბავშვების საშუალო რაოდენობა 1960 წლის 3,3-ის მაჩვენებლიდან 2022 წელს 1,5-მდე დაეცა.

ამჟამად შობადობის კოეფიციენტი, ქალზე 2.1 შვილის დონესთან შედარებით, გაცილებით დაბალია, მაშინ, როცა ასეთ დონეზე ყველა მაღალგანვითარებულ ქვეყანაში (ისრაელის გარდა) მოსახლეობა იმიგრაციის გარეშე სტაბილურად ითვლება.

2020 წელს შესწავლილი ქვეყნების ჯგუფში დედები პირველ შვილზე, საშუალოდ, თითქმის, 30 წლის ან მეტ ასაკში მშობიარობდნენ, მაშინ, როცა 2000 წელს ეს მაჩვენებელი 26,5 წელი იყო.

კვლევაში წერია, რომ მოსახლეობის ზრდის შენელება ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. მაგალითად, აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, ადამიანები 65-74 წლის ასაკში, 45-54 წლის ასაკთან შედარებით, 22%-ით ნაკლებ ფულს ხარჯავენ. ამდენად, პრობლემური დემოგრაფიის მქონე ქვეყნებში ბაზრები ადრინდელივით სწრაფად აღარ გაიზრდება.

სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებასთან ერთად დაბალი შობადობა, ასევე, ზეწოლას ახდენს სამთავრობო ფინანსებზე, რადგან ნაკლები ადამიანი იხდის იმ გადასახადებს, რომლებიც სოციალური ხარჯების დასაფარად არის საჭირო.

ამასთან, მოსწავლეების ნაკლებობა ევროპაში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში სულ უფრო მეტი სკოლის დახურვას იწვევს.

FT წერს, რომ დაბალი შობადობის მქონე მომავლის პირობებში ქვეყნებმა საიმიგრაციო, ასევე, იმ პოლიტიკას უნდა მიაქციონ მეტი ყურადღება, რომელიც ადამიანებს ჯანმრთელებასა და პროდუქტიულებაში დაეხმარება.

ცნობისთვის: საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, რომელიც 2024 წლამდე მოსახლეობის დაბერებას ეხება, ევროკავშირის მთლიანი სამუშაო ძალის ზრდა მალე არასაკმარისი იქნება სამუშაო ასაკის მოსახლეობის შემცირების კომპენსირებისთვის, რაც შრომის დეფიციტს გაამწვავებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ