„გვსურს თანამშრომლობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც მეტად გადახდისუნარიანები არიან,” - ამის შესახებ ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა და ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ ქართულ პროდუქციას რუსეთის გარდა სხვა ბაზარიც გამოუჩნდეს.
„ბუნებრივია, გვინდა, ჩვენი მომავალი იქით წავიდეს, სადაც პროგრესია. გვსურს თანამშრომლობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც მეტად გადახდისუნარიანები არიან. რა თქმა უნდა ამას დრო დასჭირდება და ის, რომ რუსეთის ფინანსური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, პირდაპირ კავშირში იქნება იმასთან, რომ ჩვენი ექსპორტიორები სხვადასხვა ბაზრებზე უნდა გავიდნენ და ეს პროდუქცია სადმე უნდა გაიყიდოს,“ - განაცხადა ბეჟიტაშვილმა.
მისივე თქმით, სასურველ მიმართულებებს შორის არის ევროპა, ე.წ. გალფის ქვეყნები (ერაყი, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი), ასევე დაგეგმილია პროდუქტის გარკვეული რაოდენობის ექსპორტი დუბაის მიმართულებითაც.
„ამ ყველაფრის მერე მარტო რუსეთზე აღარ ვიქნებით დამოკიდებული,“ - განაცხადა ბეჟიტაშვილმა.
მანვე ლარის კურსის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაუფასურების შემთხვევაში ადგილობრივი პროდუქცია უკეთეს პოზიციაში იქნება, რადგან იმპორტირებულისგან განსხავებით არ გაძვირდება.
„ერთადერთი პლუსი, რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მოჰყვება არის ის, რომ ჩვენი წარმოებული პროდუქცია იქნება უკეთეს პოზიციაში და იმპორტირებულისგან განსხვავებით, არ გაძვირდება, რაც საკმაოდ რთული პროცესია მოსახლეობისთვის“ - განაცხადა ბეჟიტაშვილმა.
იხილეთ ასევე: მოსკოვის ბირჟის დასანქცირებამ რუსეთში ხილ-ბოსტნეულის იმპორტი შეაჩერა - EastFruit