„პირველი დარტყმა იყო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერება“ - რა შემთხვევაში დაიწყება ქვეყნიდან ინვესტიციების გასვლა

„პირველი დარტყმა და ცუდი სიგნალი ინვესტორებისთვის სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერება იყო“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა და პარლამენტის წევრმა, რომან გოცირიძემ ისაუბრა. ამით დეპუტატი 2024 წლის პირველ კვარტალში შემოსულ ინვესტიციების მოცულობას გამოეხმაურა, რომელიც 64.4%-ით არის შემცირებული.

„ჯერ კიდევ აგენტების კანონი არ იყო მიღებული და სანქციები დაანონსებულიც არ იყო, რომ პირველ კვარტალში, უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 64%-ით იკლო, შემოვიდა 201 მლნ დოლარი და აქედან ნახევარი იყო მოგების ჩაბრუნება ანუ ჯამში სულ 100 მლნ შემოვიდა.

პირველი დარტყმა და ცუდი სიგნალი ინვესტორებისთვის იყო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერება და შესაბამისად, 2023 წელს წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 24%-ით, 500 მლნ დოლარით შემცირდა, მაგრამ ეს იყო ქაღალდზე. რეალური უცხოური ინვესტიციები იყო მხოლოდ ინვესტიციების 10%, ანუ 300 მლნ დოლარი. 90% იყო რეინვესტირება, ანუ აქ არსებული კაპიტალის მოგების ჩაბრუნება, რადგან გატანა ჯერ არ იყო დაწყებული“, - აცხადებს „ევროოპტიმისტების“ ლიდერი.

კითხვაზე, რა შემთხვევაში დაიწყება ინვესტიციების გასვლა ქვეყნიდან, გოცირიძე აცხადებს: „მომავალში, როდესაც სანქციები ამოქმედდება, ავტომატურად ინვესტიციების გასვლა დაიწყება. ამას დაემატება ის, რომ ექსპორტი შემცირდება, რაც უკვე დაწყებულია, ასევე შემცირდა გადმორიცხვები და დაიწყო ლარის გაუფასურება და ეროვნულმა ბანკმა, რაც იანვარ-მარტში რუსეთიდან ინერციით შემოსული ფულით იყიდა, ყველაფერი უკან დააბრუნა. მიუხედავად ამისა, ლარი 10%-ით მაინც გაუფასურდა და რეზერვები ადექვატურ ზღვარს ჩამსოცდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისათვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოვიდა 201.4 მლნ დოლარის ინვესტიცია, რაც 2023 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია, 2023 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 566.4 მლნ დოლარი იყო.

ეკა დარჩიაშვილი