საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება გაიზარდა

Tbccapital-ის საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის კვლევის მიხედვით, მაისში ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება წლიურად გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, კვლევის მიხედვით, ელექტროენერგიის გამომუშავება მაისში 6.4%-ით გაიზარდა და 1 411 გვტ.სთ შეადგინა, მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში 1 325 გვტ.სთ იყო.

„ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება წლიურად 6.6%-ით არის გაზრდილი, ხოლო ქარის სადგურების გამომუშავება 14.1%-ით შემცირდა. რაც შეეხება თბოსადგურებს, მაისში მათ მიერ ელექტროენერგია არ გამომუშავებულა“, - აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, მაისში 1 050 გვტ.სთ-ს მიაღწია, ეს ნიშნავს იმას, რომ დენის გამოყენება წლიურად 1.9%-ით არის გაზრდილი (გასული წლის მაისში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა 1 030 გვტ.სთ იყო).

„საცალო სექტორის მოხმარების წლიურმა ზრდამ 1.6% შეადგინა, ხოლო მსხვილი მომხმარებლების შემთხვევაში ზრდა 13.9% იყო. აფხაზეთის მიერ მოხმარება მაისში წლიურად 11%-ით შემცირდა“, - ვკითხულობთ კვლევაში.

მერი ტაბატაძე