დანიის რესტორნებში კონფლიქტის გამომწვევ კლიენტებს ყვითელი ბარათებით “აჯარიმებენ”

კოპენჰაგენის არაერთმა რესტორანმა საფეხბურთო მსაჯების მსგავსად სტუმრებისთვის ყვითელი ბარათების ჩვენება დაიწყო, რაც გაფრთხილებაა მათთვის, ვინც არასათანადოდ იქცევა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს.

ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

თუ ყვითელი ბარათის მიღება საკმარისი არ აღმოჩნდა, კონფლიქტის გამომწვევ სტუმრებს დაწესებულების დატოვება მოუწევთ.

კერძოდ, ყვითელი ბარათით სტუმრის “დაჯარიმებას” რესტორნის მენეჯერი წყვეტს, ვისაც მიმტანები ან ადმინისტრატორი უკავშირდება, თუ კლიენტის ქცევას შეურაცხმყოფლად ჩათვლიან. შემდეგ ყვითელ ბარათს კონფლიქტურ სტუმარს მაგიდაზე უდებენ.

ამით რესტორნების მენეჯმენტს სურს, კვების სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის უფრო უსაფრთხო სივრცე შექმნან. ამავე მიზეზით დანიის ზოგიერთი რესტორანი მომხმარებლებს სთხოვს, ონლაინ დაჯავშნის დროს წინასწარ მონიშნონ შესაბამისი გრაფა, რომ ადგილზე კარგად მოიქცევიან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ