ახალ გზაზე მოძრაობა აღდგება

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის რეკონსტრუქცია გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება. ასეთი გადაწყვეტილება თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში მიიღეს. სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ გზის გახსნა აუცილებელია, სხვაგვარად საცობების სერიოზული პრობლემა წარმოიქმნება. მისი თქმით, გზა გაიხსნება იმგვარად, რომ გადაადგილებისთვის უსაფრთხო იყოს, ამის შემდეგ კი სპეციალისტები შეისწავლიან და თუ რაიმე სარისკო საკითხი გამოიკვეთება, მაშინ მერია ალტერნატიულ ვარიანტზე დაიწყებს მუშაობას.

უნდა დარჩეს თუ არა ახალი გზა იმ ფორმით, როგორც აქამდე იყო, ამ თემაზე ჩვენ თბილისის საკრებულოს დეპუტატებსაც ვესაუბრეთ. მმართველ გუნდშიც და ოპოზიციაშიც ერთ აზრზე არიან, რომ საკითხი დეტალურად სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ და გადაწყვეტილების მიღება ამის შემდეგ უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად ახალი გზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანდა. ერთ-ერთი ვერსიით, სტიქიის წარმოქმნას ხელი შეუწყო ამ გზის გაყვანამ, რა დროსაც ქალაქის მაშინდელმა ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა და არ გაითვალისწინა სპეციალისტების აზრი. საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან"  სევდია უგრეხელიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ თავის დროზე ახალი გზა იმიტომ გაკეთდა, რომ თბილისის ცენტრი საცობებისგან განემუხტა.

"უზარმაზარი საცობი იყო ქალაქის ცენტრში შექმნილი და მის განსატვირთად გაკეთდა ეს გზა. მე თვითონ ვაკეში ვცხოვრობ და მგზავრობის დრო 20 წუთით მაინც შემიმცირდა. ახლა, რა თქმა უნდა, დასკვნაა გასაკეთებელი იმისდა მიხედვით, თუ რა რისკებია სამომავლოდ. თუ საკითხის შესწავლის შემდეგ ქალაქის მთავრობა გადაწყვეტს, რომ გზა აქ მიზანშეწონილი არ არის, ეს ასეც უნდა იყოს, თუ უნდათ, საერთოდ ჭალა გააკეთონ. მაგრამ, ეს ყოველივე უნდა მოხდეს სპეციალისტების ფართო ჩართულობით. არ ვფიქრობ, რომ გზას არ აღადგენენ. ვვარაუდობ, რომ გზა ისევ გაკეთდება, მაგრამ რა ფორმით იქნება, ამაზე ალბათ მსჯელობა გაიმართება. მიმაჩნია, რომ ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობა პოლიტიკური კონტექსტის გარეშე უნდა წარიმართოს. შეიკრიბონ სპეციალისტები, უცხოელი სპეციალისტებიც უნდა მოიწვიონ, ვინც მთიან რეგიონებში გზების გაყვანის საკითხში კომპეტენტურები არიან, ანუ საკითხი უნდა გადაწყდეს სპეციალისტების ფართო ჩართულობით. როგორც გავიგეთ, მდინარე ვერეზე სტიქია პერიოდულად, 50 წელში ერთხელ არის მოსალოდნელი. გვაქვს იმის გარანტია, რომ მომავალში ამ ტერიტორიაზე არავინ არ გააკეთებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს?! ამიტომ, საჭიროა შესაბამისი დასკვნის მომზადება. თუ ისევ გაკეთდება გზა, ისე უნდა გაკეთდეს, რომ უკეთესი იყოს და ასეთ რისკს არ შეიცავდეს", - გვითხრა სევდია უგრეხელიძემ.

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილიც "რეზონანსთან"  საუბრისას ამბობს, რომ საიჭროა ეს საკითხი სპეციალისტებმა შეისწავლონ და გადაწყვეტილება ამის შემდეგ უნდა იყოს მიღებული. "მიმაჩნია, რომ უნდა დაიდოს პროექტი და ამის შემდეგ უნდა მოხდეს გზის აღდგენა. ფაქტობრივად, გზა განადგურებულია. ცხადია, ის არ უნდა აღდგეს იმ ფორმით, როგორც იყო. როგორი წვიმაც უნდა იყოს, გზის ჩამონგრევა არ უნდა მოხდეს. რა და როგორ უნდა გაკეთდეს, ეს ალბათ სპეციალისტების მიერ დასადგენი საკითხია. საკითხი უნდა შეისწავლონ არქიტექტორებმა, ურბანისტებმა და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს აღდგენაზე მუშაობა. წარსული შეცდომები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. საკრებულოს დეპუტატების აზრი ასეთია, რომ ჯერ კარგად შევისწავლოთ საკითხი, გავაანალიზოთ და ამის შემდეგ მოხდეს საკითხის გადაწყვეტა", - აცხადებს გოჩა ბაბუნაშვილი.

თბილისის საკრებულოს დეპუტატი "დემოკრატიული მოძრაობიდან" შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ დროის გასავლასთან ერთად ცალსახა პასუხი უფრო რთულია იმაზე, უნდა აღდგეს თუ არა ახალი გზა. "ეს გზა თუ დარჩება, ის არ უნდა დარჩეს ამ ფორმით. ეს უკვე ცხადზე უცხადესია. იმ კონფიგურაციით, როგორც იყო, არ უნდა აღდგეს, რადგან მას აქვს სერიოზული ხარვეზები, სანაპიროს დაცვის, მდინარე ვერეს არტახებში მოქცევის და ძალიან ბევრი სხვა თვალსაზრისითაც. მაშინ გამოდის, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ გზის სრულიად ახალ კონფიგურაციაზე. ამაზე უნდა ვკითხოთ რჩევა პროფესიონალებს. არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ გზას უნდა გაევლო უფრო მაღალ ნიშნულზე, ერთგვარად შეკუმშულად, მდინარე ვერეს მარჯვენა მხარეს, ფერდობზე, რომელსაც მდინარის კალაპოტის სიახლოვესთან შეხება არ ექნებოდა. ანუ ეს არის ძალიან სერიოზული მსჯლეობის საგანი. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი გმირთა მოედნის კონსტრუქციის საკითხთან ერთად უნდა გადაწყდეს. გმირთა მოედანზე ვერ განიტვირთა მოძრაობა. ამ ამოცანას გმირთა მოედანმა ვერ გაართვა თავი. აქ პატარა ნაკადის გაჩერებაც კი ქაოსს იწვევდა. ანუ ეს კონფიგურაცია თავიდან ბოლომდე შესასწავლია. აჩქარება არაფრით არ შეიძლება. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხია, რომ სპეციალისტებმა შეისწავლონ საკითხი და გადაწყვეტილება ამის შემდეგ უნდა მივიღოთ. ნუთუ 19 ადამიანის სიცოხლე იყო საიჭრო, რომ ამ დასკვნამდე მივსულიყავით?! საჭიროა შესწავლა, ჯერ სატრანსპორტო ნაკადები, მერე სად გავა ეს ნაკადები. აღარაფერს ვამბობ ურბანულ და ინფრასტრუქტურულ შეცდომებზე", - გვითხრა შალვა ოგბაიძემ.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ "რეზონანსს" უთხრა, რომ ეს გზა საჭიროა.

"გადაწყვეტილება ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, რომ გზა საჭიროა. სხვაგვარად გზები გადაიტვირთება და წარმოქმნის საცობების სერიოზულ პრობლემას. სხვა ქუჩები ვერ უზრუნველყოფს ტრანსპორტის გადაადგილებას საცობების გარეშე. დღეის მდგომარეობით გადაწყვეტილია, რომ ამ გზას გაუკეთდეს რეაბილიტაცია იმგვარად, რომ გადაადგილება იყოს უსაფრთხო და შესაბამისად, ეს გზა გაიხსნას. სამომავლოდ შევხედავთ სიტუაციას. პირველ ეტაპზე გზა გაიხსნება ისეთი ფორმით, როგორიც იყო. გზის გახსნა აუცილებელია. როგორც კი გაწმენდითი სამუშაოები დასრულდება, მაშინვე დაიწყება გზის აღდგენაზე მუშაობა. მე არ ვამბობ, რომ გზას მთლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, მაგრამ ის გაიხსნება იმგვარად, რომ გადაადგილება უსაფრთხო იყოს. დაგეგმილია ვერეს ხეობაში დაზიანებული გზის შესწავლა და აღდგენითი სამუშაოები. გზის გახსნის შემდეგ მას სპეციალისტები დეტალურად შეისწავლიან, მოამზადებენ დასკვნას და თუ რამე ისეთი გამოიკვეთება, რაც მოგვცემს საფუძველს, რომ სხვა კონფიგურაციაზე ვიფიქროთ, მაშინ ეს მიმართულება ცალკე დამუშავდება", - აცხადებს ავთანდილ სუდაძე.

იაგო ნაცვლიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"