ფინელები ძველი ავტომობილების ონლაინ გადამუშავებას შეძლებენ

ფინეთში ონლაინ სერვისი ჩაუშვეს, რომელიც სახლიდან გაუსვლელად ძველი ავტომობილის სწორად უტილიზირების საშუალებას იძლევა.

პროგრამის ავტორებს სურთ, ადგილობრივი მცხოვრებლები ზედმეტ ბიუროკრატიას აარიდონ და თან, ე.წ. მოჩვენება-მანქანების რაოდენობა შეამცირონ. “მოჩვენება-მანქანებს” იმ მიტოვებულ ავტომობილებს უწოდებენ, რომლებიც ეზოებსა თუ საზოგადოებრივ ადგილებში დგომით იჟანგება.

ახალი სერვისის დახმარებით ფინელებს სახლიდან გაუსვლელად ყველა საჭირო დოკუმენტის შევსება შეუძლიათ, როგორიც არის, მაგალითად, ავტომობილის აღრიცხვიდან მოხსნა. ისინი, ასევე, უტილიზაციის (გადამუშავების) შესაბამის ადგილს ირჩევენ, რის შემდეგაც ავტომობილის ყოფილ მფლობელს ციფრული სერტიფიკატი გადაეცემა.

ყოველწლიურად ფინეთში 70-დან 80 ათასამდე ავტომობილს გადაამუშავებენ, თუმცა კიდევ 30 ათასი “დაკარგულად” ითვლება.

ცნობისთვის: ევროკომისია გამოვიდა ინიციატივით, კანონით დაავალდებულონ ავტომწარმოებლები, რომ მანქანები, დღევანდელთან შედარებით, უფრო ადვილად გადამუშავების გათვლით აწარმოონ. ევროპელი ოფიციალური პირების მონაცემებით, ეს 12,3 მლნ ტონა სითბური გაზის გამოყოფას აღმოფხვრის, რომელიც ავტომობილის სტანდარტული უტილიზაციის დროს წარმოიქმნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ