„ვაპირებთ ქლიავის წვენისგან ჩურჩხელის დამზადებას“ – Frutera

ჩირისა და ვაშლის ჩიფსის მწარმოებელი ქართული კომპანია „ფრუტერა“ წელს ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დამფუძნებელმა, დავით გელუტაშვილმა განუცხადა, პროდუქციის რაოდენობა 22-დან 30-მდე გაიზრდება.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს „ფრუტერა“ ქლიავის წვენისგან ჩურჩხელის დამზადებას აპირებს. ამასთანავე, კომპანიის გეგმებშია ექსპორტზე გასვლაც.

„აუცილებლად ვფიქრობთ ექსპორტზე გასვლას. როცა ვიწყებდით ბიზნესს, ექსპორტზე ვიყავით ორიენტირებული და ახლაც ვფიქრობთ ამაზე. უბრალოდ გარკვეული ეტაპების გავლა არის საჭირო იმისთვის, რომ ექსპორტზე გასვლა შევძლოთ.

2020 წელს დავიწყეთ ჩვენი საწარმოს მშენებლობა და ამ დრომდე დაგროვებული გამოცდილება იმაში გვეხმარება, რომ სამომავლოდ ექსპორტზე უფრო სტაბილური მიმწოდებლები ვიყოთ და მოთხოვნის შესაბამისი პროდუქტი ვაწარმოოთ.

ვფიქრობ, ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი იქნება გერმანიის ბაზარი, მით უმეტეს, კავშირები გვაქვს დამყარებული, სატესტო ვერსიები გაგზავნილი გვაქვს კანადაშიც.

გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება გვჭირდება, კერძოდ, შეფუთვების გაუმჯობესება და წელს უკვე გამოვუშვებთ ახალი შეფუთვით პროდუქტს. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება გერმანიის და კანადის ბაზრების მოცვა და შემდეგ სხვა ქვეყნებიც“, - განაცხადა დავით გელუტაშვილმა.

მერი ტაბატაძე