Bank of China სანქცირებულ რუსულ ბანკებთან ოპერაციებს აჩერებს

Bank of China-ს რუსული შვილობილი, “ჩინეთის ბანკი” იმ რუსულ ბანკებთან აჩერებს ოპერაციებს, რომლებიც აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (Office of Foreign Assets Control-OFAC) SDN List-ში, ანუ სპეციალური კატეგორიის მოქალაქეებისა და ბლოკირებული პირების სიაში იმყოფებიან.

ინფორმაციას “კომერსანტი” ფინანსური ბაზრის რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ჩინეთის ბანკის” ანგარიშსწორების ბიზნესი რუსეთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის იუანში გადახდებზე იყო ორიენტირებული. ექსპერტების შეფასებით, “ჩინეთის ბანკს” გადახდის ტრაფიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვაია.

OFAC-ის SDN List-ში მყოფ რუსულ ბანკებთან “ჩინეთის ბანკი” იუანში გადახდების დამუშავებას დღეიდან, 24 ივნისიდან აჩერებს.

„კომერსანტის“ თანამოსაუბრეები განმარტავენ, რომ ბანკი მხოლოდ არასანქცირებულ საკრედიტო ინსტიტუტებთან გააგრძელებს მუშაობას.

“ჩინეთის ბანკის” ვებგვერდზე წერია, რომ ის „ფულადი სახსრების ჩინეთში გადარიცხვის სერვისის მიწოდებაში არის სპეციალიზებული.“ კერძოდ, „გადახდების მარშრუტიზაცია ხდება ბანკის ნოსტრო-ანგარიშების მეშვეობით Bank of China-ს ჩინეთის ფილიალებში.“

რამდენიმე წყარო, რომლებსაც “კომერსანტი” ესაუბრა, მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება მეორადი სანქციების შიშით არის განპირობებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ