თბილისი ემიგრანტებისთვის ყველაზე იაფი ქალაქების ათეულში მოხვდა

საკონსულტაციო კომპანია Mercer-ის 2015 წლის რეიტინგის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თბილისში ცხოვრება იაფი უჯდებათ. ყველაზე იაფი ქალაქების ათეულში ასევე მოხვდნენ ნიკარაგუას დედაქალაქი მანაგუა, სამხრეთ აფრიკის დედაქალაქი კეიპ-ტაუნი, ასევე ბელორუსის, გამბიის, მაკედონიის, ტუნისის, პაკისტანის, ნამიბიისა და ყირგიზეთის დედაქალაქებიც.

რაც შეეხება ყველაზე ძვირიან ქალაქებს უცხოელებისთვის, პირველ ადგილზე  Mercer-ის რეიტინგის მიხედვით, ანგოლის დედაქალაქი ლუანდა გავიდა. მას მოჰყვება ჰონგ-კონგი, ციურიხი, სინგაპური, ჟენევა, შანჰაი, პეკინი, სეული, ბერნი და ჩადის დედაქალაქი ნჯამენა. ამგვარად, ყველაზე ძვირიანი ქალაქები ძირითადად აზიური, კერძოდ კი ჩინეთის ქალაქებია, რაც ექსპერტების განცხადებით, ჩინური ეროვნული ვალუტის გაძლიერებამ გამოიწვია. ასევე ათეულში მოხვდა შვეიცარიის სამი ქალაქიც. რაც შეეხება მოსკოვს, მან წინა წლის რეიტინგთან შედარებით, წელს 41 ადგილით უკან დაიწია და 50-ე ადგილი დაიკავა, რაც რუბლის გაუფასურებამ განაპირობა. ლონდონმა კი თავისი პოზიცია შეინარჩუნა და  ყველაზე ძვირიან ქალაქებს შორის კვლავ მე-12 ადგილზე დარჩა.

აღნიშნული რეიტინგი ამერიკულმა კომპანია Mercer-მა 200 სახეობის პროდუქციისა და მომსახურების ფასების შედარების მიხედვით შეიმუშავა, მათ შორის, საკვების, ტრანსპორტისა და კომუნალური გადასახადების ფასების მიხედვით. კვლევა 200-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარდა.