სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის აღჭურვისთვის 6.57 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები გამოცხადდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმისთვის სხვადასხვა ინვენტარის შესყიდვისთვის 10-ზე მეტი ტენდერი გამოაცხადა.

ივნისის თვეში სხვადასხვა დროს გამოცხადებული ტენდერებიდან ირკვევა, რომ ჯამში გასაწევი მომსახურების სავარაუდო ღირებულება 6.57 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია.

აღნიშნული თანხით განხორციელდება სტეფანწმინდის სახელმწიფო მუზეუმისთვის საფონდო ინვენტარის, სტელაჟების, საფონდო საცავის აღჭურვის, საგამოფენო ვიტრინების, საგამოფენო სივრცის სანათების, დიდაქტიკური აპარატის ბეჭდვითი პროდუქციის, ავეჯის, მცირე ზომის ნივთების შესყიდვა. ამასთანავე, დაგეგმილია გარე სივრცის მოწყობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გამოცხადებული ტენდერების ნაწილზე წინადადებების მიღება დაწყებულია, ნაწილზე კი 1-8 ივლისის პერიოდში განხორციელდება.

ცნობისთვის, სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ფაზა 2017 წელს დაიწყო, ხოლო მეორე ფაზის დასაწყებად ტენდერები 2019 წლიდან გამოცხადდა.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე დასრულდება, შემოდგომის ბოლომდე კი მუზეუმი სრულად აღიჭურვება სხვადასხვა ინვენტარით.

მერი ტაბატაძე