"თელასმა" სოფელ ახალდაბის ელექტრომომარაგება უზრუნველყო

კომპანია "თელასმა" სოფელ ახალდაბის ელექტრომომარაგება უზრუნველყო. "თელასის" ინფორმაციით, კომპანიამ ვერტმფრენის გამოყენებით სოფელ ახალდაბაში დიზელ-გენერატორი და საწვავი ჩაიტანა. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ელექტრომომარაგების აღსადგენად ადგილზე კომპანიის ტექნიკური ბრიგადა ჩავიდა. სტიქიური უბედურების ზონაში ასევე ჩავიდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და სს "თელასის" გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი, რომლებიც შექმნილ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ და სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა დასახეს.

"თელასის" ინფორმაციით, სტიქიით დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენამდე დიზელ-გენერატორი ელექტროენერგიით უზრუნველყოფს სოფელ ახალდაბის 134 აბონენტს. ამჟამად აღდგენითი სამუშაოების მეთოდების და ვადების განსაზღვრის მიზნით სპეციალისტები ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების ხარისხს აფასებენ.  "დიზელ-გენერატორის ტრანსპორტირებისთვის ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა განაპირობა იმან, რომ სოფელთან მისასვლელი გზა პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან მეწყერითაა დაფარული. მეწყერმა, რომელიც 13 ივნისს გვიან საღამოს ჩამოწვა, იმ ელექტროგადამცემი ხაზის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთი დააზიანა, რომელიც ახალდაბის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. აგრეთვე დაზიანდა სოფელთან მისასვლელი გზა", - ნათქვამია განცხადებაში.