„უსამართლო იქნება, თუ ავტოსადგურები დიდ თანხას გაიღებენ სერტიფიცირებისთვის და ე.წ ხიშნიკები კვლავ დარჩება“

„ეს რიცხვები შეიძლება შეესაბამებოდეს მოთხოვნებს“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი, ნესტორ მიქატაძე ავტოსადგომის სერტიფიცირებისთვის განსაზღვრულ ფასებს.

მიქატაძის თქმით, „დიდუბის ავტოსადგური“ მზად არის გადაიხადოს ნებისმიერი თანხა სერტიფიცირებისთვის, თუმცა მეორე მხრივ, უსამართლო იქნება, თუ სადგურები დიდი რაოდენობით თანხას გაიღებენ სერტიფიცირებისა და შესაბამისი ინფრასტრუიქტურის მოწყობისთვის, ე.წ ხიშნიკები კი კვლავ დარჩება.

„ეს რიცხვები შეიძლება შეესაბამებოდეს მოთხოვნებს და არსებულ პირობებს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ გადავიხადოთ ნებისმიერი საზღაური, რაც მოგვცემს საშუალებას, თავისუფალი კონკურენციის ფარგლებში ვიმუშაოთ ბაზარზე, რასაც საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანა ჰქვია. მაგრამ თუ ჩვენ ამხელა თანხას გადავიხდით, თუ ჩვენ სადგურის მოწესრიგებისთვის გარკვეული სახსრების გაღება დაგვჭირდება და ე.წ ხიშნიკები მაინც დარჩება გარეთ, ეს იქნება ძალიან დიდი უსამართლობა“, - განაცხადა ნესტორ მიქატაძემ.

„დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კანონში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ე.წ ხიშნიკებს რა ბედი ეწევა და რა ჩაითვლება უკანონო მგზავრთგადაყვანად.

„ყველა ინსტანციაში მქონდა კომუნიკაცია ხიშნიკებთან დაკავშირებით და ჩვენი, დიდუბის ავტოსადგურის მოთხოვნების და წინადადებით არის ცვლილებები შესული ამ კანონში, მაგრამ არ არის მკაფიოდ განსაზღვრული ამ ხიშნიკებს რა ბედი ეწევა და რა იქნება ჩათვლილი უკანონო მგზავრთგადაყვანად და რა არა“, - აღნიშნა მიქატაძემ.

შეგახსენებთ, რომ ავტოსადგურებისთვის სერტიფიცირების თანხები განისაზღვრა, კერძოდ, პირველი კლასის ავტოსადგურისთვის 10 000 ლარის, მეორე კლასის ავტოსადგურისთვის 5 000 ლარის, ხოლო მესამე კლასის ავტოსადგურისთვის 1 000 ლარის ოდენობით.

იხილეთ ასევე:

„1 000-დან 10 000-ლარამდე“ – ავტოსადგურების სერტიფიცირებისთვის ფასები განისაზღვრა

როგორ უნდა იყოს მოწყობილი ავტოსადგური მგზავრთა მომსახურებისთვის - ცვლილებები ძალაში შევიდა

„ე.წ ხიშნიკები რომ აიკრძალება, ავტოსადგურებში მგზავრთნაკადი მოიმატებს - მზად ვართ ყველანაირი ხარჯისთვის“

მერი ტაბატაძე