რომელ ქვეყნებში ესხმიან თავს ყველაზე ხშირად ზვიგენები ტურისტებს - 2023 წლის რეიტინგი

Daily Express-მა მონაცმეთა ბაზის, International Shark Attack File-ზე დაყრდნობით მსოფლიოს რვა ქვეყნის რეიტინგი შეადგინა, სადაც ზვიგენები ტურისტებს ყველაზე ხშირად ესხმიან თავს.

სტატისტიკა მხოლოდ ზვიგენის თავდასხმის არაპროვოცირებულ, ანუ იმ შემთხვევებს ასახავს, რომელიც ადამიანის მხრიდან არ ყოფილა პროვოცირებული, როგორიც არის, მაგალითად, ზვიგენის შეხების ან მისი გამოკვების მცდელობა.

ქვეყნები, სადაც ზვიგენი ყველაზე ხშირად ესხმის თავს ადამიანს:

აშშ

ქვეყანაში 2023 წელს ზვიგენის ყველაზე მეტი, ანუ 36 არაპროვოცირებული თავდასხმა დაფიქსირდა, რომელთაგან ორი ფატალურად დამთავრდა. ამ მხრივ ყველაზე მეტად დაზარალებული ფლორიდის შტატია, სადაც ქვეყნის მასშტაბით ზვიგენით დაკბენილ ადამიანთა საერთო რაოდენობის 44%-ია. თუნდაც მიმდინარე თვის დასაწყისში ფლორიდაში ორი სხვადასხვა ინციდენტის დროს ზვიგენები სამ მოცურავეს დაესხნენ თავს. თავდამსხმელების უმეტესობა ე.წ. ხარზვიგენა ან შავმჭრელა ზვიგენებია, რომლებსაც კვება, ძირითადად, ქვიშიანი მეჩეჩის სიახლოვეს მოსწონთ.

ავსტრალია

ქვეყანაში გასულ წელს ზვიგენის 15 არაპროვოცირებული თავდასხმა დაფიქსირდა, რომელთაგან ოთხი ფატალურად დასრულდა. ავსტრალიაში თავდასხმების უმეტესობა ხარზვიგენებს, ვეფხვის ზვიგენებს, ოკეანის გრძელფრთოსან და დიდ თეთრ ზვიგენებს უკავშირდება. ზვიგენების თავდასხმის ყველაზე ფატალური წელი 2020 წელი იყო, როცა ქვეყანაში ექვსი ადამიანი დაიღუპა. ტურისტებს ურჩევენ, ცურვას და სერფინგს შებინდებისას ან გამთენიისას მოერიდონ, როცა ზვიგენი ხედავს ადამიანს, მათ კი ადამიანი ვერ ხედავს. ავსტრალიის რამდენიმე პლაჟმა ზვიგენებთან საბრძოლველად ზომები მიიღო.

ახალი კალედონია

ბოლო წლებში წყნარი ოკეანის ამ ფრანგულ ტერიტორიაზე ზვიგენის თავდასხმები გახშირდა. 2023 წელს ქვეყანამ სამი არაპროვოცირებული თავდასხმა განიცადა, რომელთაგან ერთი ფატალური იყო. ახალმა კალედონიამ ზვიგენის თავდასხმის უპრეცედენტო რაოდენობის შემდეგ შარშან დედაქალაქში ცურვაც კი აკრძალა.

ბრაზილია

2023 წელს ქვეყანაში ზვიგენის სამი არაპროვოცირებული თავდასხმა მოხდა. ფატალური არცერთი მათგანი ყოფილა. ქვეყნის წყლებში სამი ყველაზე საშიში, კერძოდ, ვეფხვის, ხარისა და დიდი თეთრი ზვიგენი ბინადრობს.

ეგვიპტე

ეს დაივინგისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ადგილია, ხოლო ერთ-ერთი საშიში მტაცებელი სახეობა ვეფხვის ზვიგენია, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკის ამ ქვეყნის წყლებში მომრავლებულია. 2023 წელს ეგვიპტეში ზვიგენის ორი არაპროვოცირებული თავდასხმა მოხდა, რომელთაგან ერთი ფატალურად დასრულდა.

ბაჰამის კუნძულები

2023 წელს ბაჰამის კუნძულებზე ერთი, თუმცა ფატალური არაპროვოცირებული თავდასხმა დაფიქსირდა. მართალია, ბაჰამის კუნძულებზე ეს თავდასხმები მეტად იშვიათია, მაგრამ ქვეყნის წყლებში ხარზვიგენა მაინც ფიქსირდება.

მექსიკა

გასულ წელს იქაც მხოლოდ ერთი არაპროვოცირებული თავდასხმა დაფიქსირდა, რომელიც, ასევე, ფატალური იყო. ზვიგენის თავდასხმები ამ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებაზეც შედარებით იშვიათია, თუმცა ქვეყნის წყლებში დიდი თეთრი ზვიგენები ბინადრობენ.

სამხრეთ აფრიკა

2023 წელს ქვეყანაში ზვიგენის ორი არაპროვოცირებული თავდასხმა მოხდა, თუმცა ფატალური არცერთი ყოფილა. სამხრეთ აფრიკაში თავდასხმების უმეტესობა ვეფხვის, ხარისა და დიდ თეთრ ზვიგენს უკავშირდება.

სტატისტიკის მიუხედავად, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რეალურად ზვიგენების უმეტესობა ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ხოლო ამ დროისთვის მცირე მტკიცებულება არსებობს, რომ ოდესმე მათ ადამიანებზე აქტიურად ენადიროთ. მეცნიერთა აზრით, ზვიგენს საკვებად ადამიანს თევზი ურჩევნია. აშშ-ის ოკეანის ეროვნული სამსახური ამტკიცებს, რომ ზვიგენის 300 სახეობიდან ადამიანს მხოლოდ ათეული ერჩის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ