„2 ათასამდე პირს შეეხება ამნისტია - ჩამოეწერებათ ის ჯარიმა, რომელიც კანონის ამოქმედებისას გადახდილი არ იქნება“

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

როგორც მომხსენებელმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ განაცხადა, ცვლილებები განხორციელდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის 42¹⁰ და 42¹¹ მუხლებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იყო დაწესებული „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის (ფიზიკური პირის მიმართ - 2 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირის მიმართ − 10 000 ლარი), ასევე, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის.

„დღეისათვის, როდესაც პანდემია უკვე ჩავლილია, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევაზე მკაცრი რეაგირება აღარ არის აქტუალური, რაც შესაბამის პერიოდში ამ სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების პრევენციის საშუალებას წარმოადგენდა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მომხსენებლის ინფორმაციით, ამოქმედების შემთხვევაში კანონი 2 ათასამდე პირს შეეხება.

პირები გათავისუფლდებიან იმ ჯარიმის გადახდისაგან, რომელიც კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებული არ იქნება. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს.