პოლონეთმა ყველაზე მეტი სამუშაო ვიზა, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებზე გასცა

პოლონეთის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან 98 ათასზე მეტი სამუშაო ვიზა, ძირითადად, საქართველოს, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეებზე გასცა, მაშინ, როცა 2023 წელს ასეთი ვიზების რაოდენობა 248 ათასს შეადგენდა. ამდენად, წელს უცხოელებზე პოლონეთის ვიზის გაცემა, 2023 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა.

ინფორმაციას გაზეთი, Rzeczpospolita ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, პოლონეთის ახალმა ხელისუფლებამ პრიორიტეტული სავიზო პროგრამა, Poland Business Harbor-ი გააუქმა, რომელსაც IT-სპეციალისტები აქტიურად იყენებდნენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ვარშავამ ჰუმანიტარული ვიზების გაცემა, პრაქტიკულად, შეაჩერა. კერძოდ, წლის დასაწყისიდან მხოლოდ 542 ასეთი ვიზა გაიცა, მაშინ, როცა შარშან პოლონეთის ხელისუფლებამ 4,5 ათასზე მეტი ჰუმანიტარული ვიზა გასცა.

პოლონეთის საგარეო უწყებამ, ასევე, გადაწყვიტა, 1-ლი ივნისიდან D კატეგორიის ვიზის საფასური 135 ევრომდე გაეზარდა, რომელიც ქვეყანაში სამ თვეზე მეტი ხნით დარჩენის საშუალებას იძლევა. ეს ღირებულება შენგენის ვიზის სტანდარტულ მოსაკრებელზე 45 ევროთი ძვირია.

ცნობისთვის: პარტია “კანონი და სამართლიანობის” მმართველობის პერიოდში პოლონეთი ვიზების გაცემით ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იყო. კერძოდ, 2020-2022 წლებში ვარშავამ, თითქმის, 2 მლნ სამუშაო ვიზა გასცა. 2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში სავიზო სკანდალი ატყდა. ოპოზიციამ საგარეო საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილე, პიოტრ ვავჟიკი და მაღალი რანგის სხვა დიპლომატიური ოფიციალური პირები 2022 წელს აფრიკისა და არაბული ქვეყნებიდან მიგრანტებისთვის პოლონეთის, დაახლოებით, 200 ათასი ვიზის უკანონო გაცემაში დაადანაშაულა. მიმდინარე წლის თებერვალში სეიმის (პარლამენტის ქვედა პალატის) კომისიამ მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის პოლონეთის ვიზის გაცემისას თაღლითობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ