„თევზის ასორტის შეკვეთა ზოგან 600 ლარიც კი ჯდება“ - რა ღირს აჭარაში დასვენება და რა ეღირება აგვისტოში?!

ჩემი საზაფხულო დასვენება წელს საკმაოდ ადრე - 31 მაისს დაიწყო, როცა შეკვეთილში, "ბლექ სი არენაზე" გერმანული როკჯგუფ "სკორპიონსის" კონცერტზე დასასწრებად გავემგზავრე. საგანგებოდ ამ დღისთვის დამზადებულ ლოგოიან მაისურსა და ტყავის მოკლე ქურთუკში გამოვეწყვე და ზღვისპირეთისკენ მიმავალ გზას დილაადრიან დავადექი. ერთ-ერთი კვების ობიექტზე გაჩერებულებს, "სკორპიონსის" მაისურებში ჩაცმული სხვადასხვა თაობის არაერთი ადამიანი შეგვხვდა და სრულიად უცხონი, ერთმანეთს ღიმილიანი სახეებით, მოწონების თუ როკერული ჟესტით ვესალმებოდით, რაც წინასაკონცერტო დადებით განწყობას კიდევ უფრო გვიმაღლებდა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა შუახნის მამაკაცი, გრძელი, ჭაღარა თმით - ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი პოპულარული ჯგუფის კონცერტზე დასასწრებად მივდივარ და ძალიან მიხარიაო. მოზარდობისას ვერც მე წარმოვიდგენდი, რომ მათ ოდესმე საქართველოში მოვუსმენდი და უკვე მეორედ ვნახავდი, სცენასთან ახლოს მდგომი. 76 წლის ვოკალისტმა და სიმღერების ავტორმა კლაუს მაინემ და მთელმა ჯგუფმა ხალხით გადაჭედილი დარბაზი ისე აიყოლიეს, რომ ყველა მათთან ერთად მღეროდა, მათთან ერთად იმეორებდა ათასგზის გადაზეპირებულ ტექსტებსა და ნაცნობ მელოდიებს, და გარშემო საოცარი ემოცია ტრიალებდა - იქ ხომ, ძირითადად, როკისა და "სკორპიონსის" მოყვარულები იყვნენ. განსაკუთრებული ოვაციები გამოიწვია მომენტმა, როცა მაინეს დარბაზიდან საქართველოს დროშა მიაწოდეს, მხრებზე შემოიხვია და ასე განაგრძო სიმღერა... ძალიან შთამბეჭდავი იყო დრამერის სოლო პარტია, როცა მთელი დარბაზი გუგუნებდა... თუმცა ერთი სიმღერა უდავოდ დაგვაკლდა მელომანებს - "You and I", რომელიც კლაუს მაინეს დაწერილი ერთ-ერთი უძველესი ჰიტია. თავდაპირველად, აჭარაში მხოლოდ კონცერტის შემდგომი უიქენდის გატარებას ვგეგმავდი, მაგრამ როცა წყნარი და სუფთა ზღვა, მზიანი ამინდი დამხვდა და დიდი ხნის ნაცნობ-მეგობრებიც შევიკრიბეთ, გადავწყვიტე, უფრო დიდხანს დავრჩენილიყავი. წელს სეზონი 1-2 ივნისიდან დაიწყო. ბათუმსა და ქობულეთში, ქართველი დამსვენებლების გარდა, ბევრი რუსი და სომეხი ტურისტია, არიან უკრაინელებიც, რომელთაც ომის დროს საქართველოს შეაფარეს თავი და ახლა აჭარაში მცირე ბიზნესით არიან დაკავებული. თუკი ადრე ქობულეთში კაფე-ბარების გახსნასა და ბუნგალოების მოწესრიგებას ივლისიდან იწყებდნენ, ახლა ყველა სახლთან ფუსფუსია - ღებავენ ღობეებს, ფასადს, მაღაზიებს პროდუქტით ამარაგებენ. ცენტრალურ პარკში ახალი სკამები დგას, მწყობრში დარგულ მცენარეებს ულამაზესი ყვავილები გამოუღია და ნაძვების ახალი ნარგავებიც არის. პლაჟზე ჩასვლისთანავე ერთმა პეიზაჟმა განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება - მთაზე თოვლი იდო, დაბლობში კი მზე კაშკაშებდა და მოლივლივე ზღვის ნაპირზე დიდიან-პატარიანად გამოფენილიყვნენ, ირუჯებოდნენ და წყალში ჭყუმპალაობდნენ.

ვინც დასვენებას აჭარაში აპირებს, ალბათ, დააინტერესებს, რამდენად ხელმისაწვდომია ფასები. სიტუაცია ამჯერადაც თითქმის იგივეა, რაც შარშან, მაგალითად, ქობულეთში არის როგორც 15-ლარიანი საწოლები, ისე 120-180 და უფრო ძვირიანი, გააჩნია სასტუმროს. რაც შეეხება ბათუმს, იქ უფრო ძვირია - 50-60 ლარიდან ზემოთ, პლაჟთან სიახლოვისა და კომფორტის დონის მიხედვით იზრდება. ცნობილ ფეშენებელურ რეზიდენსებში 2-ადგილიანი ნომრები 60-70 ლარიდან იწყება, თუმცა რომელიმე საიტზე შეიძლება ფასდაკლებასაც წააწყდეთ.

რაც შეეხება პროდუქტს, კაფე-ბარებში მაგალითად, აჭარულ ხაჭაპურს ზოგან 15 ლარად მიირთმევთ, ზოგან 20 ლარიდან (ცომგამოცლილს 2 ლარი ემატება). თევზის ასორტის მთლიანი დაფის შეკვეთა ზოგან 600 ლარიც კი ჯდება, თუმცა ვინც ბათუმში ხშირად დადის, იცის, რომ თევზის ბაზარში ყიდვა გაცილებით ხელსაყრელია - თავად ირჩევ ზღვის პროდუქტს - მიდიას, კრევეტს, კრაბს, კალმარს, უგემრიელეს დორადოს, სიბასს, რვაფეხას (მაგალითად, პატარა 5 ლარი ღირს, დიდი - 70) და სხვა სახეობებს. ასეთ შემთხვევაში 3-4 კაცზე თევზის დაფა 110-150 ლარი ჯდება. იქვე, ზღვაში შეჭრილ რესტორანში გემრიელად შეგიწვავენ და მოგართმევენ.

კვლავაც უფასოა შესვლა დენდროლოგიურ პარკსა და მუსიკოსთა პარკში, რომელიც საკონცერტო დარბაზის მიმდებარედაა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა მუსიკოსის ფიგურა დგას, მიახლოებისას კი მისი რომელიმე სიმღერა ირთვება. შეკვეთილის დამსვენებლისთვის ეს პარკი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სასეირნოდ.

ეკა, 32 წლის, ბათუმის მკვიდრი:

- როცა რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და უკრაინელები საქართველოში ჩამოვიდნენ, ბათუმშიც ბევრნი იყვნენ, მაგრამ თანდათანობით წავიდნენ, თუმცა ნაწილი მაინც დარჩა. ვინც შეძლო, ბინა შეიძინა, ზოგი კი ქირითაა და საკმაოდ მაღალ საფასურს იხდიან - ადრე ბათუმში 2-ოთახიანი ბინა 1000 დოლარად ქირავდებოდა, ახლა შედარებით ნაკლებია - 350-400 დოლარი. რაც შეეხება პროდუქტებს, აქაურებმა ვიცით, სად უნდა ვიყიდოთ ხელმისაწვდომ ფასად, უცხოელებმაც ჭკუა ისწავლეს და იციან, სად რა იყიდონ, ძირითადად, ისინიც ბაზარსა და ქსელურ მაღაზიებში დადიან. მოგეხსენებათ, თურქეთში გაცილებით იაფია პროდუქტი და წამლები. უცხოელებიც დილით გადავლენ, იყიდიან საჭირო ნივთებს თუ პროდუქტებს და იმავე დღეს უკან ბრუნდებიან.

უკრაინელი მამაკაცი, 28 წლის:

ასევე დაგაინტერესებთ"გამოიკვეთა ორი წითელი ზონა" - თბილისის ზღვის "სიკვდილის ზონები""ვერ გაარკვიეს, ქალი ვარ თუ კაცი. ისეთ კომენტარებს წერენ, რომ..." - ვინ არის ბოდიბილდერი ქალი, რომლის ცეკვამ "სელებრითებთან" სოცქსელები დაიპყრო"მე მიყვარს საქართველოს ისტორია, კულტურა, იდენტობა, მისი ენა, ანბანი - ძალიან ძვირფასია ჩემთვის!" - რას ნატრობს საქართველოზე შეყვარებული იტალიელი მწერალი"ომი რომ დაიწყო, თავი საქართველოს შევაფარე, აჭარაში ფართობი მაქვს აღებული, რომელსაც ვაქირავებ, იმავდროულად, ონლაინ ვმუშაობ, დისტანციურად, ოჯახი არა მყავს და რასაც ვშოულობ, მყოფნის, მშობლები უკრაინაში ცხოვრობენ. პატარა ნავიც მაქვს და ვაქირავებ, ნახევარი საათი 30 ლარი ღირს, უკვე ერთგული მომხმარებლებიც მყავს. საქართველოში მშვიდად ვცხოვრობ, აქაურობა ძალიან მომწონს, თბილი ხალხია და კარგად მიმიღეს. მადლობა თქვენს ქვეყანას, ხელისუფლებას, რომ დევნილობის დროს ხელი გაგვიმართეს და არსებობის საშუალება მოგვცეს".

რუსი დამსვენებლები:

"ვგიჟდებით საქართველოზე, ქართველ და რუს ხალხს აშკარად უყვარს ერთმანეთი, კარგად გვექცევიან, პოლიტიკა კი ამ სიტუაციაში ცუდად ერევა, თურმე როგორი სიცრუეა, რასაც ტელევიზიებით ვისმენთ. აქაურობა ისე მოგვეწონა, რომ 3-4 დღით ჩამოსული, უკვე 10 დღეა ქობულეთში ვართ, ჩვენი მასპინძლებიც ძალიან ყურადღებიანი ხალხია. ზღვა, პლაჟი, ჰაერი და ამინდი იდეალურია და შესანიშნავად ვისვენებთ. ბავშვები ქართველ ბავშვებთან თამაშობენ და ერთმანეთს ენასაც ასწავლიან".

ნატუკა, 30 წლის:

"ქობულეთში მატარებლით ჩამოვედი. რუსების აქ ყოფნა ძალიან მაღიზიანებს. ერთი ქალი გვარიანადაც გამოგილანძღეთ, საინფორმაციო გამოშვებას რუსულ ენაზე ხმამაღლა რომ ისმენდა".

გული მტკივა, აჭარამ და დედაქალაქმა ასე ფართო კარი რომ გაუღო რუსეთს. ევროპელი ტურისტები მოიზიდონ, ევროპული მომავალი შეგვიქმნან, პარტნიორებს დაუჯერონ და არა "ვრემიაში" ჩარჩენილი ხალხი შემოგვასიონ. არ მინდა რუსებმა იბოგინონ ჩემს მიწა-წყალზე. რუსეთი ოკუპანტია და ამით ყველაფერი ნათქვამია!

ნინო, 42 წლის:

"ჩვენს ბარში რუსებიც და ქართველებიც თანაბარი რაოდენობით არიან ხოლმე და არ არსებობს, მათ ერთმანეთში იჩხუბონ. ერთმა რუსმა ქალმა მაცივარზე მისაკრობი მაგნიტი მაჩუქა თავისი ქალაქის ხედით, კარგ ადამიანებს ვჩუქნით ხოლმე სამახსოვროდო. პირადად მე რუს ხალხთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ჩემთვის პოლიტიკა სხვაა, ადამიანები - სხვა".

თამარი, 40 წლის:

"აჭარაში დასასვენებლად წლებია ჩამოვდივარ და ცხადია, ყოველ სეზონზე უამრავი ტურისტი მხვდება, ძირითადად, სომხები და რუსები, ირანელები ბათუმს უფრო ანიჭებენ უპირატესობას. უცხოელებთან შეხება თითქმის არა მაქვს, რადგან ჩემი დიასახლისი სახლს მათზე არ აქირავებს, ძირითადად, ერთი და იგივე ოჯახები და ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ, ერთად გავიზარდეთ, თბილისშიც ვმეგობრობთ და ზოგს უკვე ნათელმირონობაც გვაკავშირებს. აქ ისეთი სიტუაციაა, ოთახის კარსაც კი არავინ ვკეტავთ, რადგან ამ ადამიანებს ჩემი ოჯახის წევრებად ვთვლი. ერთად ჩავდივართ პლაჟზე, საღამოობით ვსეირნობთ, ვსადილობთ - ეზოში დიდი სუფრა გაიშლება ხოლმე, გემრიელ "კოფესაც" ვსვამთ და ვმხიარულობთ. მახსოვს, პანდემიის დროს რომ ჩამოვედი ივნისში, ჯერ კიდევ ყველაფერი დაკეტილი იყო, მათ შორის, მაღაზიები და პროდუქტის შეძენა მხოლოდ ბაზარსა და პარკის მიმდებარედ იყო შესაძლებელი. ჩემი დიასახლისი ყოველ დილით გამზადებულ კერძებს მახვედრებდა, სამსახურიდან მოსული კი უჩემოდ არაფრით ივახშმებდა. ასეთ ადამიანებს ყველგან ვერ შეხვდებით... ზოგისთვის მხოლოდ დროებითი მდგმური ხარ, გადაიხადე, დაისვენე, წადი.

რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, მართლაც ნაადრევად დაიწყო და არ ველოდი, თუ ამდენი ხალხი დამხვდებოდა. ამინდმაც ხელი შეგვიწყო და მიხარია, რომ ზაფხულის მოსვლა ასე ნაადრევად შევიგრძენით, აქედან საოცარი ემოციებით დატვირთული წავალ და დედაქალაქს კარგად დასვენებული დავუბრუნდები. გურულებსა და აჭარლებს კი ბედნიერ საზღვაო სეზონს ვუსურვებ.

ერთი რამ კი აუცილებლად უნდა აღვნიშნო... 2009 წლის 8 აგვისტოს, ომიდან ერთი წლის თავზე, ქობულეთის მთელი მოსახლეობის შეთანხმებით არც ერთ რესტორანში მუსიკა არ გაჟღერებულა (მით უმეტეს, რუსული, ახლა კი ყველგან აგუგუნებენ ქობულეთშიც და ბათუმშიც), ახლაც მახსოვს ის უჩვეულო სიჩუმე და გულდამძიმებული ადამიანების სევდა, რაც ამ ხმაურიან ქალაქში იმ საღამოს სუფევდა და მიკვირს, რომ ზუსტად ის ადამიანები ახლა ასე ხელგაშლილები უშვებენ სახლებში იმ რუს მამაკაცებს, რომლებიც 16 წლის წინ, დარწმუნებული ვარ, ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ. გული მწყდება, რომ ბევრი რამ დაგვავიწყდა... აქაურებისაც მესმის, ბანკების სესხები აქვთ გასასტუმრებელი, სეზონი კი სულ რამდენიმე თვეს გრძელდება და ვინც მეტს შესთავაზებს, მას მიაქირავებენ, მაგრამ ჩემთვის რუსი ოკუპანტია, საქართველოს მტერია და მისი ამჟამინდელი­ ღიმილი, ვიცი, რომ კარგს არაფერს მოუტანს ჩემს ქვეყანას. ისე მაინც ნუ ვიზამთ, რომ ზედმეტად ჩავისახლოთ აქ, ბინები მივყიდოთ და მერე პუტინი მოგვიტრიალდეს, აქაც ჩემი ხალხი ცხოვრობს და უნდა დავიცვაო. უნდა ვაგრძნობინოთ სტუმარს სტუმრობა და მტერს მტრობა".

32 წლის მარიკა დიასახლისია, რომლის სახლის 3 სართულზე უამრავი ოთახია, თითოეული საკუთარი სველი წერტილით, კონდიციონერით, ტელევიზორით... ყოველ სართულზე 2 სამზარეულოა და ცხადია, ასეთ კომფორტს დამსვენებლებიც ეტანებიან, მით უმეტეს, როდესაც ფასი ხელმისაწვდომია. წლებია, მარიკა სხვადასხვა ეროვნების სტუმარს იღებს და იცის, ვის რა მოსწონს, რას ითხოვენ...

- არ მახსოვს, ივნისის დამდეგს დამსვენებლები გვყოლოდეს, ახლა კი პირველი ნაკადი უკვე გავისტუმრე, მაგრამ კიდევ ველოდები ხალხს. ზოგი 1 კვირით მოდის, ზოგმა 2-3 დღე მითხრა და მერე 10 დღით დარჩა, რადგან კარგი ამინდი და სუფთა, მშვიდი ზღვა იყო. უკვე მაღაზიაც ავამუშავეთ, რადგან ხალხს სჭირდება, ადრე კი ივლისში ვხსნიდით ხოლმე. უმეტესობა სასწავლო წლის დასრულების, 20 ივნისის მერე მოდიოდა, მაგრამ ახლა სეზონი 1-ლი ივნისიდან დაიწყო. შეიძლება რუსების სიმრავლემაც განაპირობა, სომხებიც არიან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდანაც ჩამოდიან.

განაგრძეთ კითხვა