„სერვისი არ არის, გარდა ამისა, ძალიან განსხვავდება ხარისხი“ - რა პერსპექტივა აქვს ჩინურ ავტომობილებს

ელექტრომობილების იმპორტში, საქართველოსთვის ჩინეთი მეორე ადგილზეა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, წელს წელს, 5 თვეში ქვეყანაში სულ 1 506 (29.613 მლნ აშშ დოლარი) ელექტროძრავიანი ავტომობილი შემოვიდა, აქედან 25% ჩინეთზე მოდის.

ამასთან, წელს იმპორტირებული ჩინური ავტომობილებიდან 33% (369 ერთეული) სწორედ ელექტროძრავიანი მანქანაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადად, ქვეყანაში ჩინური ავტომობილების იმპორტი რეკორდულად გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 5 თვეში, ჩინეთიდან 1 119 ერთეული (18.598 მლნ აშშ დოლარი) მანქანა შემოვიდა, რაც რაოდენობრივად 54%-ით, ხოლო თანხებში 117%-ით აჭარბებს, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 726 ერთეული (8.582 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი შემოვიდა.

ავტოიმპორტიორი ჯაბა გოგინაშვილი Bpn-თან ამბობს, რომ აღნიშნული ავტომობილებისთვის სერვისი არ არის, შესაბამისად, არც მოთხოვნაა. მისი თქმით, დიდი განსხვავებაა ხარისხშიც და ამ ეტაპზე, ჩინური ავტომობილი კონკურენციაშიც ვერ შედის სხვა ქვეყნის წარმოებულ მანქანებთან.

„მე ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს კონტაქტი და ჩინურ მანქანებზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ფეხს მოიკიდებს. 4-5 წლის შემდეგ, კიდევ შეიძლება, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში.

პირველი, რომ სერვისი არ არის. რამდენიმე ჩემმა მეგობარმა ჩამოიყვანა ერთი კონკრეტული მოდელი, რომელიც ძალიან რეკლამდება, მაგრამ ვერ ყიდიან, იმიტომ, რომ მოთხოვნა არ არის. ჯერ-ჯერობით ჩემი გამოცდილებით, ბენზინის ძრავიან და ჰიბრიდ ავტომობილს კონკურენცია რომ გაუწიოს ჩინურმა ავტომობილმა, ამის ნიშნებსაც ვერ ვხედავ.

გარდა ამისა, ძალიან განსხვავდება ხარისხი, თუნდაც ამერიკული ავტომობილების და ჩინურის. ამიტომ, ხალხი მისი ყიდვისგან თავს იკავებს.

გავიგე ისიც, რომ ქუთაისში ჩინური ავტომობილების ბაზრობა იხსნება. მე საერთოდ ვერ ვხედავ კონკურენციას. თუ დრომ გვიჩვენა, რომ გაიზარდა მოთხოვნა, მეც გადავალ ელექტროძრავიან ჩინურ ავტომობილებზე, ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. თუმცა, ახლა ნამდვილად არანაირი მოთხოვნა არ არის თუნდაც საიმისოდ, რომ ამ თემაზე დაფიქრება მაინც ღირდეს“,- ამბობს ჯაბა გოგინაშვილი.

ნინი ქეთელაური