ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგია შესაძლოა, გარკვეული გადასახადებისგან  გათავისუფლდეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განმარტა, არსებულ კანონს ემატება ახალი მუხლი - „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის რეგულირების საფასურისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურებისგან გათავისუფლება“.

მუხლის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგულირების საფასურის გადახდისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ გავრცელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებულ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიწოდებულ ელექტროენერგიაზე.

მომხსენებლის თქმით, რამდენიმე დღის წინ ენგურჰესზე კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდა, სადაც ენგურჰესის ხელმძღვანელობამ აღნიშნული კანონის მიღების საჭიროების თაობაზე საკითხი დააყენა.

დავით სონღულაშვილის თქმით, ეს ცვლილება ლოგიკურია, რადგან ელექტროენერგია აფხაზეთს მიეწოდება, რაც სოციალური ნაწილია.

„შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი კანონით იყოს მხარდაჭერილი. კანონპროექტის ინიცირება დაჩქარებული წესით მოხდა, რათა დავეხმაროთ ენგურჰესს, რომელიც ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას.

თაია არდოტელი