ფინეთი რუსული LNG-ის იმპორტს მთლიანად შეწყვეტს

ფინეთში რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტის ამოქმედებიდან მთლიანად შეწყდება. ინფორმაციას ბიზნესგამოცემა, Kauppalehti ავრცელებს.

გაზეთი განმარტავს, რომ სანქციების ახალი პაკეტი რუსული LNG-ის იმპორტს ევროკავშირის იმ ტერმინალებში კრძალავს, რომლებიც გაზის ქსელთან დაერთებული არ არიან. ასეთი ფინეთში პორისა და ტორნიოს ტერმინალებია.

რაც შეეხება ინკოოს პორტის ყველაზე დიდ LNG-ტერმინალს, რომელიც გაზსადენ Balticconnector-თან არის დაკავშირებული, რუსული LNG-ის მიწოდება ფინეთის ხელისუფლების ადრინდელი გადაწყვეტილებით ისედაც შეჩერებულია.

15 მარტს ფინური კომპანია, Gasum თავის წლიურ ანგარიშში წერდა, რომ “გაზპრომ ექსპორტთან” LNG-ის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს დადებული, რომელშიც მინიმალურ მოცულობაზე ოფცია, “აიღე ან გადაიხადე” მოქმედებს. 2023 წლის მაისის ბოლოს Gasum-მა “გაზპრომ ექსპორტთან” მილსადენით გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტი იმის გამო გაწყვიტა, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უთანხმოების მოგვარება ვერ შეძლეს.

2022 წლის მაისში “გაზპრომ ექსპორტმა” მილსადენით გაზის მიწოდება, რასაც Gasum-თან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა, შეაჩერა, რადგან ფინეთმა რუბლებში გადახდაზე უარი თქვა და იმავე წლის აპრილის გადასახადი არ გადაიხადა. ამის შემდეგ Gasum-მა განაცხადა, რომ არ აპირებდა “გაზპრომის” მოთხოვნის შესრულებას მიწოდებული გაზის საფასურის რუბლებში გადახდის შესახებ და მიმართავდა სასამართლოს “გაზპრომ ექსპორტთან” მოქმედ კონტრაქტთან დაკავშირებით, რომელიც 2031 წლის ბოლომდე არის ძალაში.

გასული წლის შემოდგომაზე სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე პუტინის ბრძანებულება ფორსმაჟორად აღიარა და Gasum რუსულ ვალუტაში საფასაურის გადახდით არ დაავალდებულა. სასამართლო გადაწვეტილებით, მხარეებმა მიწოდების სიტუაციის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები უნდა განაგრძონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ