პრიგოჟინის ბიზნესიმპერიას ძირითადად პეტერბურგელი ”ძალოვნები” დაეუფლნენ

ევგენი პრიგოჟინის ბიზნესიმპერიის ყველაზე მიმზიდველი აქტივების მფლობელები ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები და ერთ-ერთი რუსი მილიარდერი გახდნენ. ინფორმაციას Novaya Gazeta Europe ავრცელებს.

გამოცემამ პრიგოჟინთან დაკავშირებული 120-ზე მეტი მოქმედი კომპანია გამოიკვლია და აღმოჩნდა, რომ ამჟამად მათგან ყველა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” გარდაცვლილი დამფუძნებლის ოჯახს არ ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კომპანიას ყოფილი პოლიციელები ხელმძღვანელობენ.

კერძოდ, საწარმო “პიშჩევიკს,” რომელიც რუს სამხედროებს საკვებით ამარაგებდა და 2023 წელს, თითქმის, 1 მლრდ რუბლის (11,5 მლნ დოლარის) მოგება ჰქონდა, მიმდინარე წლის მაისში სანქტ-პეტერბურგის პოლიციის 30-ე სამმართველოს თანამშრომელი ჩაუდგა სათავეში.

კიდევ ერთი ყოფილი პეტერბურგელი პოლიციელი “რესტორანსერვის პლუსის” ხელმძღვანელი გახდა, რომელიც, ასევე, რუსული არმიისგან საკვების მიწოდებაზე იღებდა კონტრაქტებს. გასულ წელს ამ კომპანიის შემოსავალმა, თითქმის, 3 მლრდ რუბლი (34,4 მლნ დოლარი) შეადგინა.

“ძალოვნებს” გადაეცათ საკვების მიმწოდებელი კომპანიები, „ალტერნატივა“ და „კომპლექსერვისიც.“

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია “ველადა,” რომელიც სირიაში ნავთობის მოპოვებით იყო დაკავებული, სანქტ-პეტერბურგის პრიმორსკის რაიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილების თანამშრომელს, 27 წლის ვლადიმერ ზლენკოს გადაეცა.

მოსკოვში პრიგოჟინის რამდენიმე კომპანიას, რომელიც საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებსა და სკოლებს საკვებით ამარაგებდა, მილიარდერი, გოდ ნისანოვი დაეუფლა.

თუმცა პრიგოჟინის ფლაგმანური ჰოლდინგი, “კონკორდი” მისი ოჯახის, კერძოდ, ვაჟის, პაველის კუთვნილებად რჩება. ის, ასევე, მამასთან დაკავშირებული რამდენიმე კომპანიის მფლობელია, თუმცა, გამოცემის მონაცემებით, ყველა მათგანი ზარალს განიცდის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ